უჩუმბეგაშვილი: მწარმოებლებს პროდუქცია არ გაუძვირებიათ, თუმცა ფასები ზოგ მარკეტში უცვლელი დარჩა
პროდუქტებზე ფასების შენარჩუნება საწვავის გაძვირებისა და გაზრდილი ხარჯების ფონზე რთულდება, - ამის შესახებ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა "პირველებთან" განაცხადა. მისი თქმით, მწარმოებლების ნაწილს ფასები შეამცირა, თუმცა ეს ცვლილება ყველა სავაჭრო ქსელში არ ასახულა.
უჩუმბეგაშვილი ამბობს, რომ სექტემბრამდე ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას შეეცდებიან, თუმცა მთავარ გამოწვევად საწვავის გაძვირებასა და საპარკინგე სივრცეების არარსებობის გამო გამოწერილ ჯარიმებს ასახელებს.
რაც მოიმატა, სადღაც 5%-მდე იყო მატება, იანვარში, მერე ამ კომისიის მუშაობის დროს ისევ დაიწია, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მწარმოებლებმა შეიძლება გააიაფონ ისევ, რახან დაიწყო კომისიამ მუშაობა, მაგრამ ზოგიერთ მარკეტში მომატებული ფასი რაც იყო, იგივე დარჩა. მწარმოებელს არაფერი გაუძვირებია. ვთქვით ჩვენ ის, რომ ზაფხულში ისედაც რეალიზაცია ჭირს, ჯერ ერთი და მერე ლარი ქვევით მოდის... ყველანაირად ვეცდებით, რომ სადღაც სექტემბრამდე ფასი დავიჭიროთ. ერთადერთი, რაც გვკლავს, ეს არის ახლა საწვავის ფასი და ჯარიმების თემაა, - ამბობს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
სურსათზე ფასების ზრდის ტენდენცია გრძელდება. ბოლო მონაცემებით, თევზი დაახლოებით 20 პროცენტით, ხორცი 10 პროცენტით, ხოლო პური და პურპროდუქტები 7 პროცენტით გაძვირდა. ფასმა მოიმატა იმ პროდუქტებზეც, რომლებიც მოსახლეობის ყოველდღიურ სამომხმარებლო კალათაში შედის.
გაძვირება შეეხო იმ სასურსათო პროდუქტების ნაწილსაც, რომელთა გაიაფების კამპანიას "ოცნების" ხელისუფლება ბოლო პერიოდში აქტიურად აწარმოებდა.
ივანიშვილის გუნდში კი ამტკიცებენ, რომ მთავრობისა და პარლამენტის შესაბამისი კომისიების მუშაობამ გარკვეული შედეგი გამოიღო და რიგ პროდუქტებზე ფასების შემცირება უკვე დაფიქსირდა.