როგორ კეთდება მილიონები "ქართული ოცნების" მფარველობით? - TI-ის ანგარიში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ყოფილი დეპუტატი იაშა შერვაშიძე და მისი ბიზნესპარტნიორები „ქართულ ოცნებას“ ჯამში 345 000 ლარს სწირავდნენ, პარალელურად კი ბათუმში სახელმწიფო ქონებას იღებდნენ და მსხვილ სამშენებლო პროექტებს იწყებდნენ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პარტიისთვის განხორციელებული შემოწირულობების პერიოდი ემთხვევა იმ დროს, როდესაც შერვაშიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ბათუმში სახელმწიფო მიწის ნაკვეთები უკონკურენტო წესით მიიღეს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე მოგვიანებით 33-სართულიანი საცხოვრებელი და კომერციული მეგა-კომპლექსების მშენებლობა დაიწყო, რამაც პროექტების კომერციული ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მიიჩნევს, რომ მსგავსი ფაქტები აჩენს კითხვებს პოლიტიკური შემოწირულობებისა და სახელმწიფო რესურსების განაწილების პროცესს შორის შესაძლო კავშირის შესახებ. ორგანიზაცია ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილებების გამჭვირვალედ შესწავლას ითხოვს.