რომეო მიქაუტაძე გამამტყუნებელ განაჩენს მეორე ინსტანციის სასამართლოში ასაჩივრებს

04.06.26 12:44
რომეო მიქაუტაძე  გამამტყუნებელ განაჩენს მეორე ინსტანციის სასამართლოში ასაჩივრებს

მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს მეორე ინსტანციის სასამართლოში ასაჩივრებს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე ცხრავე ეპიზოდის გაუქმებას ითხოვს.

ადვოკატ ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, მიქაუტაძემ პროკურატურას ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში განხილვისას მიმართა საპროცესო გაფორმების თაობაზე, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

„პირველი ინსტანციის განაჩენი ყველა ნაწილში არის უკანონო და ის უნდა გაუქმდეს ცრავე ეპიზოდში. უნდა იქნას დადგენილი რომეო მიქაუტაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი ყველა ეპიზოდში, ეს არის ჩვენი მოთხოვნა.

რომეო მიქაუტაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის მზად არის აღიაროს დანაშაული, იმ შემთხვევაში, თუ მას შეეთავაზება საპროცესო შეთანხმება, თუმცა ჩვენ მივმართეთ პროკურატურას მისი მოთხოვნისამებრ და არანაირი პასუხი არ მიგვიღია. თუ პროკურატურა გამოხატავს მზაობას, რომ გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება, ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ, გააჩნია, რა პირობებით იქნება შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება. ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში მიმართა ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე, არ მიგვიღია არც უარყოფითი და არც დადებითი პასუხი“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

16 მარს სასამართლომ რომეო მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ნინო გალუსტაშვილმა მიქაუტაძე დამნაშავედ ცნო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში - "ფულის გათეთრებაში", სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

ამასთან, მას სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა 2 წლის ვადით. 

მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა ქონება, კერძოდ კი, ესპანეთსა და მცხეთაში არსებული სახლი, როგორც მის ასევე, მისი მეუღლის კუთვნილი სამი ავტომობილი და ამოღებული ნივთები. მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა "ნახიდურჰესის" 15%-იანი წილი.

მსგავსი სიახლეები