პროკურორი რომეო მიქუტაძეზე: საპროცესო შეთანხმება რომ გაფორმდეს, მან უნდა აღიაროს ჩადენილი დანაშაული, ზიანი აანაზღაუროს
იმისთვის, რომ რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს, მან უნდა აღიაროს ჩადენილი დანაშაული, ზიანი აანაზღაუროს, რაც ამ ეტაპზე სახეზე არ არის - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილის სისხლის სამართლის საქმეზე სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა.
პროკურორის თქმით, რომეო მიქაუტაძის მიმართ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის დასაბუთებული, კანონიერი და ძალაში უნდა დარჩეს.
„როდესაც პირველ ინსტანციაში პროცესი სრულდებოდა, მართალია მან შემოიტანა განცხადება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, თუმცა ბრალდების მხარემ უარი დააფიქსირა, ვინაიდან რეალურად არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, ზიანი არ ჰქონდა ანაზღაურებული და შესაბამისად, ამიტომ დადგა არსებითი განაჩენი მის მიმართ. ამ ეტაპზე, რაიმე სიახლე არ არის“, - განაცხადა ირაკლი მარშანიამ.
კითხვაზე იმ შემთხვევაში, თუ რომეო მიქაუტაძის მხრიდან იქნება თანხმობა, რომ აანაზღაუროს ზიანი, ასევე ხელს მოაწერს აღიარებასაც, განიხილავს თუ არა პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას, ირაკლი მარშანიამ თქვა, რომ „პროკურატურა ზოგადად ვალდებულია ნებისმიერი განცხადება განიხილოს რომელიც შემოდის პროკურატურაში".
მისი თქმით, განცხადება იქნება შეფასებული და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურა.
მხოლოდ ეს პირობა [ზიანის ანაზღაურების შესახებ] არ არის. ზოგადად, საპროცესო შეთანხმება რომ გაფორმდეს, მთელი რიგი წინაპირობები უნდა იყოს დაკმაყოფილებული - მან უნდა აღიაროს ჩადენილი დანაშაული, ზიანი აანაზღაუროს, რაც ამ ეტაპზე სახეზე არ არის, იგივე მდგომარეობაა რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში იყო საქმის განხილვის დროს.
ზოგადად, დიდი რაოდენობის ქონებაა დაყადაღებული და ანტიკორუფციულ სააგენტოში მოცემული საქმიდან გამოყოფილ საქმეზეც მიმდინარეობს გამოძიება“, - განაცხადა ირაკლი მარშანიამ.
მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს მეორე ინსტანციის სასამართლოში ასაჩივრებს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე ცხრავე ეპიზოდის გაუქმებას ითხოვს.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
16 მარტს სასამართლომ რომეო მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ნინო გალუსტაშვილმა მიქაუტაძე დამნაშავედ ცნო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში - "ფულის გათეთრებაში", სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
ამასთან, მას სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა 2 წლის ვადით.
მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა ქონება, კერძოდ კი, ესპანეთსა და მცხეთაში არსებული სახლი, როგორც მის ასევე, მისი მეუღლის კუთვნილი სამი ავტომობილი და ამოღებული ნივთები. მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა "ნახიდურჰესის" 15%-იანი წილი.