DRI-მ თამარ მეარაყიშვილის საქმეზე გაეროს მიმართა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) გაეროში ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საქმეზე კომუნიკაცია წარადგინა. ორგანიზაციის განცხადებით, მეარაყიშვილი 2025 წლის დეკემბერში საოკუპაციო რეჟიმმა ადამიანის უფლებების დაცვისა და კრიტიკული საქმიანობის გამო „ჯაშუშობის“ ბრალდებით დააკავა, მოგვიანებით კი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იძულებით გადაიყვანა.
DRI-ის შეფასებით, დაკავებიდან და გაძევებიდან ხუთი თვის გასვლის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას აქტივისტისთვის სათანადო მხარდაჭერა არ აღმოუჩენია. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მეარაყიშვილს დღემდე არ მიუღია სახელმწიფოსგან ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სერვისები.
ორგანიზაციის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებს ვერ აკონტროლებს, საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, საკუთარ მოქალაქეებს ეფექტიანი სამართლებრივი და სოციალური დაცვის უზრუნველყოფა ეკისრება. DRI მიიჩნევს, რომ თამარ მეარაყიშვილის საქმეზე სახელმწიფოს რეაგირება ამ დრომდე არასაკმარისია.