თავისუფლება ჩვენების სანაცვლოდ? - მიქაუტაძის ადვოკატი საპროცესო გაფორმების შესაძლებლობაზე დასმულ შეკითხვას პასუხობს
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის ადვოკატების თქმით, არ იციან გაუფორმებს თუ არა პროკურატურა ეკონომიკის სამინისტროს რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმებას გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ.
უფლებადამცველი ბექა ნემსიწვერიძე ირწმუნება, რომ არ იცის, გახდა თუ ჩვენების მიცემა რაიმე სახის პირობა.
- ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი სუს-ის ექს-შეფის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. არსებული ინფორმაციით, სწორედ მან დაადო ხელი გრიგოლ ლილუაშვილს. საჯარო სივრცეში დაისვა კითხვა იმასთან დაკავშირებითაც, ხომ არ იყო მიქაუტაძე "შუამავალი" მეწარმესა და ლილუაშვილს შორის ქრთამის გადაცემის ნაწილში.
ადვოკატი თქმით, თუ მიქაუტაძე სუს-ის ექს-შეფის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს, არ იცის ამას მოჰყვება თუ არა საპროცესოს გაფორმება.
მე არ ვიცი, ამ ჩვენების მიცემა გახდა თუ არა რაიმე პირობა. შესაბამისად მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, მისცემს თუ არა ჩვენებას და თუ მისცემს ამას რა მოჰყვება", - განაცხადა ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.
საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე სააპელაციოს ეტაპზე მზადაა დანაშაული აღიაროს და აანაზღაუროს ის ზიანი, რასაც მას ედავებიან.
ის მზად არის აღიაროს დანაშაული და აანაზღაუროს ის ზიანი, რასაც მას ედავებიან, მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ზიანად არ მიმაჩნია და იცით თქვენ ჩემი პოზიცია ამის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურის მხრიდან იქნება მზაობა ამასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივმართეთ პირველ ინსტანციაში პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, ასეთი მზაობა პროკურატურას არ გაამოუხატავს. კანონი არ ითვალისწინებს რაიმე წინასწარ აღიარებას, წინასწარ ზიანის ანაზღაურებს, ეს ხდება უკვე მოლაპარაკების პროცესში". - ამბობს ადვოკატი.
მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს მეორე ინსტანციის სასამართლოში ასაჩივრებს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე ცხრავე ეპიზოდის გაუქმებას ითხოვს.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
16 მარტს სასამართლომ რომეო მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ნინო გალუსტაშვილმა მიქაუტაძე დამნაშავედ ცნო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში - "ფულის გათეთრებაში", სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
ამასთან, მას სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა 2 წლის ვადით.
მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა ქონება, კერძოდ კი, ესპანეთსა და მცხეთაში არსებული სახლი, როგორც მის ასევე, მისი მეუღლის კუთვნილი სამი ავტომობილი და ამოღებული ნივთები. მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა "ნახიდურჰესის" 15%-იანი წილი.