რატომ არ უფორმებს პროკურატურა რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმებას?
რომეო მიქაუტაძე მზად არის კორუფციული დანაშაულის 9-ვე ეპიზოდი აღიაროს და გადაიხადოს რვა მილიონ-ნახევარი, რომელიც გამოძიების თქმით უკანონოდ მიიღო, თუმცა პროკურატურა საპროცესო გარიგებაზე უარს ამბობს. დაცვის მხარის განცხადებით, მოლაპარაკებების დაწყებაზე უარის მიზეზი სახელმწიფო ბრალდებას არ აქვს, ამიტომ ჩნდება კითხვა, იყენებს თუ არა პროკურატურა საპროცესო გარიგებას საკითხს საიმისოდ, რომ სუს-ის ექს-შეფის საქმეში სასურველი ჩვენება მიიღონ?
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მიქაუტაძეს ჩვენება გამოძიების ეტაპზე მიცემული აქვს, თუმცა მთავარია, რას იტყვის მოსამართლის წინაშე სასამართლო სხდომათა დარბაზში. თუ ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ჩვენება შეცვალა, შესაძლოა ლილუაშვილის საქმე ჩამოიშალოს, სწორედ ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ მიქაუტაძის ციხიდან გამოშვებას პროკურატურა სასურველი ჩვენების მიღებამდე აჭიანურებს.
რომეო მიქაუტაძე პირველი ინსტანციის სასამართლომ დიდი ოდენობით ფულის გათეთრებაში, უკანონო სამეწარმეო სამიანობაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ გამოაცხადა. ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის ყოფილ მაღალჩინოსანს ამ დანაშაულებისთვის ათ წლიანი სასჯელი შეეფარდა. გადაწყვეტილება ადვოკატებმა გაასაჩივრეს - სადაც დღეს პირველი პროცესი უკვე ჩატარდა. დღევანდელ პროცესს დაესწრო რომეო მიქაუტაძეც თუმცა დუმილი არ დაურღვევია. კორუფციაში მსჯავრდებული ექს მაღალჩინოსანი აპირებს საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლოს.