სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე კონსილიუმის ყოფილი წევრი მივიდა

18.11.21 17:38
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე კონსილიუმის ყოფილი წევრი მივიდა

გამოკითხვების სერია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გრძელდება. დღეს გამომძიებლების კითხვებს სახელმწიფო კონსილიუმის ყოფილი წევრი, ექიმი ზურაბ ფაღავა, პასუხობდა. მისი ინფორმაციით,  ბოლოს მიხეილ სააკაშვილი 23 ოქტომბერს ნახა, რა დროსაც მესამე პრეზიდენტი კვალიფიციური მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმის ყოფილი წევრი აცხადებს, რომ ინსპექტორის სამსახურში გუშინ კონსილიუმის სხვა წევრი ექიმები გამოიკითხნენ და კითხვები ძირითადად სააკაშვილის სხეულზე არსებულ დაზიანებებს შეეხებოდა, რომელიც მსჯავრდებულ პრეზიდენტს რუსთავიდან გლდანის ციხეში გადაყვანისას აღენიშნებოდა. 

ბოლოს, როცა პრეზიდენტი ვნახე, ის ჯერ კიდევ  რუსთავში იმყოფებოდა. მას შემდეგ მე კონსილიუმში მონაწილეობა არ მიმიღია.  წარმოდგენა არ მაქვს, რისთვის დამიბარეს, ვიცი,რომ გუშინ აქ გამოკითხვაზე კონსილიუმის სხვა წევრებიც იყვნენ. როგორც ვიცი, კითხვები ეხებოდა იმ გადაყვანის ინცინდენტს  - ამბობს ფაღავა.

 ტვ პირველის ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე უკვე 4 საათზე მეტია, იმყოფება გლდანის ციხის თანამშრომელი. გამომძიებლები მას კითხვებს ციხეში არსებულ ვითარების ირგვლივ უსვამენ. 

მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეზე გამომძიებლები გლდანის და რუსთვის ციხის თანამშრომლებს ერთი მეორის მიყოლებით იბარებენ. გამოძიებით უნდა დადგინდეს, რა პირობებში იყო მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში და რა მიზეზით არ შეუშვეს კონსილიუმის წევრები პენიტენციურ დაწესებულებაში იმ დღეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ეტაპირება იგეგმებოდა.

მსგავსი სიახლეები