ორმაგი თავდასხმა მარჯანიშვილზე — მოქალაქის შემდეგ დანით პოლიციელი დაჭრეს

07.06.26 20:15
ორმაგი თავდასხმა მარჯანიშვილზე — მოქალაქის შემდეგ დანით პოლიციელი დაჭრეს

დაჭრილია საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. „პირველების“ ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორი ქალაქის ცენტრში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მოქალაქემ სახის არეში დანით დაჭრა. დაშავებული სამართალდამცველი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, ხოლო მისი კოლეგები ამერიკულ ჰოსპიტალთან მორიგეობენ.

ირკვევა, რომ მარჯანიშვილის მოედანზე, კამერებით გაჯერებულ ტერიტორიაზე, თავდასხმის ორი ეპიზოდი მოხდა. მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ ინფორმაცია „ტვ პირველმა“ გაავრცელა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.

უწყების ვერსიით, პატრულ-ინსპექტორმა შენიშნა დანით შეიარაღებული პირი, რომელმაც მანამდე სხვა მოქალაქე დაჭრა. სამართალდამცველის მიერ მისი დაკავების მცდელობისას, ბრალდებულმა წინააღმდეგობა გაუწია და პოლიციელს თვალისა და ლოყის არეში დანით დაზიანებები მიაყენა.

უკვე რამდენიმე საათია, პოლიციის განყოფილებაში ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაკავებული პირი გამომძიებლების კითხვებს პასუხობს.

„პირველების“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მარჯანიშვილის ქუჩაზე განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს. არსებული ინფორმაციით, ვიდეომასალაში თავდასხმის ორივე ეპიზოდია ასახული, რაც გამოძიებისთვის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები