დიღმის ტყე-ჭალის ბედი — ვინ არის პასუხისმგებელი უნიკალური ეკოსისტემის განადგურებაზე?

07.06.26 20:45
დიღმის ტყე-ჭალის ბედი — ვინ არის პასუხისმგებელი უნიკალური ეკოსისტემის განადგურებაზე?

 

 

 

დიღმის ტყე-ჭალას, რომელიც წლების განმავლობაში ბუნებრივ რეკრეაციულ ზონას წარმოადგენდა, "ოცნების" ხელისუფლებამ აღნიშნული სტატუსი მოუხსნა და ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურის, მათ შორის სტადიონის მშენებლობა დაგეგმა.

ადგილობრივი მოსახლეობა უკვე ექვსი წელია ტყე-ჭალის დასაცავად იბრძვის. მათი პროტესტი ჯერ კიდევ იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენების შეტანა ხდებოდა. მიუხედავად სასამართლოში შეტანილი სარჩელისა, სადავო ტერიტორია კომპანია „ათლეტიკზე“ გასხვისდა.

მოსახლეობის ინფორმაციით, მოგვიანებით მათ აღმოაჩინეს, რომ მძიმე ტექნიკა იმ მონაკვეთებზეც მუშაობდა, რომლებიც დღემდე რეკრეაციული ზონის სტატუსს ინარჩუნებს.

გარემოსდამცველი ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ ტყე-ჭალა ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ დამცავ მექანიზმს წარმოადგენს. მისი თქმით, ჭალის ტყე ამცირებს წყალდიდობის რისკებს და უხვი ნალექის დროს ჭარბი წყლის ბუნებრივ რეგულირებას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, სპეციალისტების შეფასებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მასშტაბური მშენებლობა გარემოსდაცვით და უსაფრთხოების რისკებს შეიცავს.

ვინ არის პასუხისმგებელი თბილისის ერთადერთი ტყე-ჭალის შესაძლო განადგურებაზე? — ამ კითხვას კორუფციის მკვლევრები სვამენ. მათი შეფასებით, თბილისის მერიამ ტერიტორიის განვითარებისა და დაცვის ნაცვლად, იქ მძიმე ტექნიკის შეყვანა დაუშვა, მოგვიანებით კი მიწის ნაწილი კერძო კომპანიისთვის გაასხვისა.

დიღმის ტყე-ჭალის ირგვლივ დავა ამ დრომდე გრძელდება. ადგილობრივები და გარემოსდამცველები ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებასა და უნიკალური ეკოსისტემის დაცვას ითხოვენ.

ვრცლად ნახეთ კრისტი მარია ოსიაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები