ვინ არის თბილისში დაჭრილი პოლიციელი და როგორია მისი მდგომარეობა
თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის მაიორი მერაბ ქავთარაძეა - ის დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ლევან მაისურაძესთან ერთად მოინახულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ექიმებისგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო, დაშავებულ პოლიციელს გამოჯანმრთელება უსურვა და გამოჩენილი სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.
პატრულ-ინსპექტორს პატრულირებისას დანით შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს.
მერაბ ქავთარაძემ და პოლიციის მაიორმა გიორგი ძაძამიამ, პატრულირებისას შენიშნეს მამაკაცი, რომელმაც ერთ პირს ჭრილობები მიაყენა და დანით მისდევდა.
სამართალდამცველებმა მამაკაცს შეჩერებისკენ მოუწოდეს, თუმცა იგი არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას და დანით თავს დაესხა.
პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს - წერს უწყება.
დადგენილია იმ პირის ვინაობა, ვინც თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე ჯერ მოქალაქე დაჭრა, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანმშრომელს დანა ჩაარტყა. დაკავებულია 50 წლამდე ლაშა ამაშუკელი, რომელიც ბრალის წარდგენას წინასწარი მოთავსების იზოლატორში ელოდება.