პირველებმა მარჯანიშვილზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების ახალი დეტალები გაარკვია - ცნობილია პოლიციელისა და მეზობლის დაჭრაში ბრალდებულის პოზიციაც
"პირველებმა" თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები გაარკვია - ირკვევა, რომ 48 წლის ლაშა ამაშუკელი მარჯანიშვილის მოედანზე, მეზობლებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც დაპირისპირება მეზობელთან მოუვიდა, რასაც დაჭრა მოჰყვა.
დაკავებული კაცის ოჯახის წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ ამჟამად დაკავებულმა ადგილზე მიული პატრულ-ინსპექტორს, მერაბ ქავთარაძეს დაზიანებები მიზანმიმართულად მიაყება.
ამაშუკელის ოჯახის წევრების მტკიცებით, 48 წლის კაცმა დაკავების ოპერაციისას დანა შემთხვევით მოიქნია. პოლიციელის განზრახ დაზიანებას არ აღიარებს თავად დაკავებულიც.
ირკვევა, რომ ლაშა ამაშუკელი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღეს სისხლიანი ტანსაცმელი და ასევე დანაშაულის იარაღი, დანა.
ტანსაცმლის ამოღება ჩატარდა გადაუდებელი სახით, გუშინ საღამოს, როცა განვუმარტე დაკავების საფუძვლები, არ ეთანხმება მითითებულ მუხლებს. მკვლელობის მცდელობის და არც პოლიციელის თავდასხმის მცდელობა არ მქონიაო. სავარაუდოდ, მოხდა შემთხვევით და არა განზრახ... შემთხვევის ადგილიდან წასვლის მცდელობას მოჰყვა სავარაუდოდ.
მისი განმარტებით, მას არანაირი მკურნალობა არ გაუვლია, მაგრამ დღეის მდგომარეობით აქვს თუ არა პრობლემები ეს შესაბამისი ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება. სურვილი აქვს, რომ მსგავსი ექსპერიზა ჩატარდეს" - ამბობს ადვოკატი ირმა ინასარიძე.
დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი კლინიკაში დღეს მინისტრმა მოინახულა. მერაბ ქავთარაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება დაკავებულის მეზობელს, ისიც ამ დრომდე კლნიკაში რჩება. მოქალაქეს რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა.
პოლიციამ ლაშა ამაშუკელი გუშინ დააკავა. შსს ამბობს, რომ კაცმა მოქალაქეს და პატრულ-ინსპექტორს დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში პატრულირებისას, შენიშნეს დანით შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც იქვე მყოფი პირისთვის ჭრილობები ჰქონდა მიყენებული და ცივი იარაღით მის მიმართ დევნას განაგრძობდა.
პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს მოუწოდეს, აღნიშნული შეეწყვიტა, თუმცა იგი სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, მათ მიმართაც აგრესიული გახდა და თავს დაესხა. ამ დროს მან ერთ-ერთ პატრულ-ინსპექტორს დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.
პატრულ-ინსპექტორებმა განხორციელებული დევნის შედეგად მამაკაცი მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
დაჭრილი მამაკაცი და დაშავებული პატრულ-ინსპექტორი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.