სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 8 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 8 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს - პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დააკმაყოფილა.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ:
- გოჩა ყატაშვილი.
- სულხან აბრალავა.
- დათო ღურწკაია.
- გენადი კელიხაშვილი.
- რამაზ ჯორბენაძე.
- ჯანდრი თირქია.
- ევა შაშიაშვილი.
- ალექსანდრე გოგოლაძე.
ამ 8 პირიდან ერთი ევა შანშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ ისედაც თავისუფლებაში იმყოფება.
სამი წელი პირობითი მსჯავრი - ეს არის სასჯელი, რომელიც გათავისუფლებულებს დაეკისრებათ. ბრალდებულებმა საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების სანაცვლოდ მიიღეს. პროკურატურის პასუხს განსასჯელის სკამზე მყოფი პირები თვეები ელოდებოდნენ.
აღნიშნულ ეპიზოდს 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა, 7-მა მათგანმა - ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა, ია დარახველიძემ, ზაქრო ალბუთაშვილმა, დავით ჟღენტმა, კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ ბრალი არ აღიარეს. შესაბამისად, მათ საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ, რის გამოც, აღნიშნული ბრალდებულების საქმის განხილვას მოსამართლე გიორგი გელაშვილი გააგრძელებს.
- ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებს - ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღურწკაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდათ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, პროკურატურა „4 ოქტომბრის საქმეზე“ საპროცესო შეთანხმებას, ჯამში, 21 დემონსტრანტს უფორმებს.