გზაზე პირუტყვის გადასვლას სპეციალური სამსახური გააკონტროლებს - იქმნება 25 კაციანი ჯგუფი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბაზაზე იქმნება 25 კაციანი (ჯგუფი) სამსახური, რომელიც საავტომობილო გზებსა და მაგისტრალებზე ნარჩენების მართვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს გამოავლენს.
მაგალითად, თქვენ შეიძლება დაჯარიმდეთ, თუ ფანჯრიდან ნაგავს გადაყრით. აღნიშნული სამსახური მათ შორის უზრუნველყოფს პირუტყვის გზებზე გადასვლის პრევენციასაც.
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის ინიციატორი "ქართული ოცნებაა".
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას, ილია ინჯიამ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, მზია გიორგობიანს ჰკითხა იქნება თუ არა სამსახურის მოვალეობა პირუტყვის გზებზე დგომისა და გადარეკვის პრევენცია, რაზეც გიორგობიანმა დადებითი პასუხი გასცა.
კანონპროქტის თანახმად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამის თანამშრომლებს მიენიჭებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენის უფლებამოსილება, იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა ჩადენილია დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე ან მის შემადგენელ ნაწილზე.
"ამასთანავე, განსაზღვრულია, რომ დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ აღნიშნული სამართალდარღვევების საქმეთა განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება, როდესაც სამართალდარღვევა ჩადენილია სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ან როდესაც უფლებამოსილი პირი უშუალოდ შეესწრება და დააფიქსირებს სამართალდარღვევის ფაქტს. კანონპროექტით ასევე განისაზღვრება საჯარიმო ქვითრის ფორმისა და მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დადგენის შესაძლებლობა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ. შედეგად, იქმნება სამართლებრივი საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მის მართვაში არსებულ საავტომობილო გზებზე ნარჩენების მართვის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ეფექტიან გამოვლენასა და სამართლებრივ რეაგირებას". - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის თანახმად, 25 თანამშრომლით დაკომპლექტებული ახალი სამსახურის სახელფასო ფონდი 120 000 ლარს შეადგენს. დამატებითი ხარჯები მოიცავს: საწვავის ხარჯი - 300 000 ლარი წელიწადში; მოვლა-შენახვის ხარჯი - 350 000 ლარი წელიწადში; აღჭურვილობა - 50 000 ლარი.
"აღნიშნული რესურსი აუცილებელია ინსპექტირების, მონიტორინგისა და ადმინისტრაციული წარმოების სრულფასოვანი განხორციელებისათვის, მათ შორის 6 000 კმ საავტომობილო გზის ქსელის სისტემური
კონტროლის პირობებში" - წერია განმარტებით ბარათში.