თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

10.06.26 13:41
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, ისნის რაიონში, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის - „აპექს ჰოლბრუკის“ მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 68 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც თიბისის დაფინანსება 45 მილიონი ლარია.

„აპექს ჰოლბრუკი“ 22-სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს, სამდონიან საპარკინგე ინფრასტრუქტურას, 1 200 კვადრატული მეტრის გამწვანებულ ეზოს და 24-საათიან დაცვის სისტემას.

კომპლექსის პანორამული ხედები იშლება მტკვარსა და ძველ თბილისზე, რაც „აპექს ჰოლბრუკს“ გამორჩეულ საცხოვრებელ პროექტად აქცევს. მშენებლობა 2025 წლის ბოლოს დაიწყო და დასრულება 2028 წელს არის დაგეგმილი.

„მოხარული ვართ, რომ „აპექს დეველოპმენტთან” თანამშრომლობა სწორედ ამ პროექტით იწყება. გვჯერა, რომ ეს პარტნიორობა წარმატებული იქნება და მომავალში კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ ერთად. თიბისი აქტიურად უჭერს მხარს უძრავი ქონების სექტორის განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც თანამედროვე, ხარისხიან და მდგრად საცხოვრებელ გარემოს ქმნის. ამ მიდგომის გათვალისწინებით, 44%-იანი საბაზრო წილით ლიდერები ვართ სექტორის დაფინანსებაში, ჩვენი პორტფელი კი 2.2 მილიარდ ლარს აღწევს“, - ლაშა ცინცაძე, თიბისის უფროსი ვიცე პრეზიდენტი საცხოვრებელი უძრავი ქონების დეველოპმენტის მიმართულებით.

„მოხარულები ვართ, რომ თიბისისთან პარტნიორობით ვახორციელებთ პროექტს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ძლიერი და სტაბილური გარემო, სადაც მთავარი იქნება ხარისხი, ნდობა და გრძელვადიანი ურთიერთობები. აღსანიშნავია, რომ პროექტი ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა - ტერიტორიაზე, სადაც წლების განმავლობაში 86 ოჯახი მეოთხე კატეგორიის ავარიულ საცხოვრებლებში ცხოვრობდა, ვაშენებთ თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსს და უზრუნველვყოფთ მათთვის საცხოვრებელი პირობების არსებით გაუმჯობესებას. ჩვენთვის განვითარება მხოლოდ ახალი შენობების შექმნას არ ნიშნავს - ეს ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და უკეთესი მომავლის შექმნასაც გულისხმობს“, - ვლადიმერ რობაქიძე, „აპექს დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი.

NS

მსგავსი სიახლეები