უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე - კობახიძე პასუხისმგებლობას იხსნის და ისევ ევროკავშირის მხრიდან "შანტაჟზე" საუბრობს
უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე - ირაკლი კობახიძე პასუხისმგებლობას იხსნის და ისევ ევროკავშირის მხრიდან "შანტაჟზე" საუბრობს. ქვეყნის მეთაურმა დღეს მედიასთან განაცხადა, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით, რომელმაც საქართველოს ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოიყვანა, "ევროპულ ბიუროკრატიას შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი გამოაცალეს".
ახლა დარჩათ ერთადერთი ვიზალიბერალიზაცია და ცდილობენ, რომ დააშანტაჟონ ქართველი ხალხი - ამბობს კობახიძე და 11 ივნისს, ბრიუსელში უვიზო მიმოსვლის საკითხზე დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება.
ივანიშვილის გუნდის ლიდერი ამბობს, რომ „ეს შანტაჟი აბსოლუტურად ფუჭად ჩაივლის“.
ჩვენ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპულ ბიუროკრატიას გამოვაცალეთ შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი. ახლა დარჩათ ერთადერთი ვიზალიბერალიზაცია და ცდილობენ, რომ დააშანტაჟონ ქართველი ხალხი. ამას არავითარი ფასი არ აქვს. თავადაც მგონი ხვდებიან, ამ დონეზე აანალიზებენ პროცესებს, რომ ამ შანტაჟს ვერავითარი შედეგი ვერ ექნება. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ეს შანტაჟი აბსოლუტურად ფუჭად ჩაივლის. ეს არის განცხადებები, რომელსაც არავითარი ფასი არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.
ევროკავშირი მომავალ კვირას, 11 ივნისს, ვიზების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს.
დიპლომატიურ წრეებშ ამბობენ, რომ 11 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილი დიალოგი "ქართული ოცნებისთვის" უკანასკნელი გაფრთხილება იქნება. ივანიშვილის პარტიას რეპრესიულად შეფასებული კანონების გასაუქმებლად და ევროკავშირის წინააღმდეგ მტრული რიტორიკის შესაჩერებლად ვადა წლის ბოლომდე აქვს, ვიდრე ევროკომისიის წლიური ანგარიში გამოქვეყნდება.