სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 8 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

10.06.26 16:07
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 8 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 8 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს - ბრალდების და დაცვის მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დაამტკიცა. 

 დარბაზიდან გათავისფულდნენ: ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძე, ვახტანგ ფიცხელაური და თემურ ქურციკიძე.

სამი წელი პირობითი მსჯავრი - ეს არის სასჯელი, რომელიც გათავისუფლებულებს დაეკისრებათ. ბრალდებულებმა საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების სანაცვლოდ მიიღეს. პროკურატურის პასუხს განსასჯელის სკამზე მყოფი პირები თვეები ელოდებოდნენ.  

აღნიშნულ ეპიზოდს 12 ბრალდებული ჰყავს, თუმცა, ოთხმა: აბო ნავერიანმა, ანტონ უპერმა[ძებნაშია], ნანა სანდერმა და მარიამ მეყანწიშვილმა ბრალი არ აღიარეს. შესაბამისად, მათ საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ, რის გამოც, აღნიშნული ბრალდებულების საქმის განხილვას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი გააგრძელებს.

  • ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ალექსანდრე ხაბეიშვილს, გიორგი მულაძეს, ავთანდილ სურმანიძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
  • ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ვახტანგ ფიცხელაურს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ფოტოზე: გათავისუფლებული ვახტანგ ფიცხელაური. 

მსგავსი სიახლეები