ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებ! ისევ რომ შემაბრუნონ უკან, არ მეშინია - ვახტანგ ფიცხელაური
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების ნაწილი დღეს, 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ ოჯახებთან დაბრუნდა - ვახტანგ ფიცხელაური ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმებას შვილების მონატრების გამო დათანხმდა.
ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებ! ისევ რომ შემაბრუნონ უკან, არ მეშინია - უთხრა დღეს "პირველებს" ვახტან ფიცხელაურმა.
ნამდვილი დამნაშავეები სხედან პარლამენტში, ციხეებში ნახევარზე მეტი, არამარტო პოლიტიპატიმრები, არამედ სხვებიც არიან გამოგონილი ბრალით და ძალიან ბევრი პატიმარი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან. ასევე, მე მინდა ვუთხრა ამ ე.წ. ხელისუფლებას, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებ, თუნდაც ისევ რომ შემატრიალონ უკან, არ მეშინია. უბრალოდ 8 თვეა ჩემი შვილები არ მინახავს და მქონდა გარკვეული მიზეზები, რომ დროებით მაინც ვიყო თავისუფლებაზე. ხვალ რომ ისევ დამაკაონ მაგისთვის მზად ვარ. ეხლაც სამიზნე ვარ, ისევ ისე გავაგრძელებ, როგორც აქამდე ვიქცეოდი. არავის მიტოვებას არ ვაპირებ და ყველამ იცოდეს, რომ ბრძოლა გრძელდება ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე", - აცხადებს ვახტანგ ფიცხელაური.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 8 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს - ბრალდების და დაცვის მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დაამტკიცა.
დარბაზიდან გათავისფულდნენ: ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძე, ვახტანგ ფიცხელაური და თემურ ქურციკიძე.
სამი წელი პირობითი მსჯავრი - ეს არის სასჯელი, რომელიც გათავისუფლებულებს დაეკისრებათ. ბრალდებულებმა საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების სანაცვლოდ მიიღეს. პროკურატურის პასუხს განსასჯელის სკამზე მყოფი პირები თვეები ელოდებოდნენ.