ლიზა ბაგრატიონი საზმაუში მომხდარზე: როგორ შეიძლება ამდენი ადამიანი გულგრილი იყოს? ბევრი ბავშვი იყო და ვერ მოხდა იმ წუთას დაფიქსირება
ლიზა ბაგრატიონი, რომელიც იმ გადაცემის წამყვანია, რომლის ეთერშიც 9 ივნისს 10 წლის გოგონა მოწყვეტით დაეცა, ამბობს, რომ მომხდარი არავის დაუნახავს - არც მას, არც სტუდიაში მყოფი გადამღები ჯგუფის წევრებს და არც ბავშვების მშობლებს.
როგორც ის “რადიო თავისუფლებას“ ეუბნება, ყველანი გაოცებულები იყვნენ და ვერ ხვდებოდნენ, როგორ მოხდა.
"მე და ოპერატორები ყველანი გაოცებულები ვიყავით, ეგ როგორ მოხდა. ამდენი ბავშვი რომ იყო, ალბათ მაგიტომაც ვერ დავინახეთ. ალბათ სხვა მშობლებმაც ვერ დაინახეს, იმიტომ, რომ იქ პანიკა არ ყოფილა, არანაირი გართულება ეთერში არ ყოფილა. მერე უკვე ამ დანარჩენმა ბავშვებმა რომ თქვეს, იჯდა ეს გოგო წყნარად. მოვედით და მოვიკითხეთ როგორ ხარო და კარგად, კარგადო და ფოტოებიც გადავიღეთ მერე ერთად. ამიტომ ჩვენ არ მივაქციეთ ასე ყურადღება.... ის, რაც ამ წუთას ხდება, ცოტა გამიკვირდა, იმიტომ რომ არავის არ დაგვინახავს.
როგორ შეიძლება ამდენი ადამიანი გულგრილი იყოს? კარგით, ერთი ვართ გულგრილი, ცუდი ადამიანი, ორი, სამი, ხუთი, ათი, ოცი? კარგით რა?! ოპერატორებიც ამბობდნენ, როგორ ვერ დავინახეთო, ბევრი ბავშვი იყო და ვერ მოხდა იმ წუთას დაფიქსირება ამ ბავშვის გადმოვარდნის", - ამბობს ლიზა ბაგრატიონი.
- კადრებმა, სადაც ჩანს, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში 10 წლის გოგონა დაეცა, ხოლო მის დასახმარებლად რეაგირება რამდენიმე წუთის განმავლობაში არავის მოუხდენია, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია.
- ინციდენტი 9 ივნისს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დღის გადაცემაში მოხდა, როცა "პირველ არხზე" "სიმღერის აკადემიის" წევრები იყვნენ მიწვეულები.
- ერთ-ერთი ბავშვის მშობლის მიერ გადაღებული უწყვეტი კადრიდან ჩანს, რომ ბავშვის დაცემის შემდეგ, ნომერი ჩვეულებრივ გაგრძელდა და მოზარდი მინიმუმ ორი წუთის განმავლობაში იატაკზე იწვა.