სასახლის ღობის საქმე - 7 ბრალდებულიდან ერთ-ერთმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმებაზე მიმართა

12.06.26 11:35
სასახლის ღობის საქმე - 7 ბრალდებულიდან ერთ-ერთმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმებაზე მიმართა

სასახლის ღობის საქმე - 7 ბრალდებულიდან ერთ-ერთმა, ზაქრო ალბუთაშვილმა საპროცესო შეთანხმების თხოვნით პროკურატურას მიმართა, რის გამო დღეს განაჩენის გამოცხადება გადაიდო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩახუნაშვილის, ია დარახველიძის, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, დავით სტურუას და ზაქრო ალბუთაშვილის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. 

  • ცნობისთვის, ეს არის 15 პირიანი საქმე - 15 პირიდან 8-მ საპროცესო შეთანხმება ითხოვა და სასამართლო დარბაზიდან სამშაბათს გათავისუფლდნენ. 8 პირს დღეს კიდევ ერთი პირი, ზაქრო ალბუთაშვილი დაემატა. 

დღევანდელ პროცესზე მოსამართლე გიორგი გელაშვილი ბრალდებულების სიტყვას მოისმენს.

სხდომათა დარბაზში განსასჯელის სკამზე ზის, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი, რომელიც ამბობს, რომ 4 ოქტომბრის აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

მისი თქმით, ის ყოველთვის, როცა ამის საჭიროებაა, ასრულებს საკუთარ საქმეს და გაუგებარია, რატომ დადის 8 თვის განმავლობაში საქალაქო სასამართლოში საკუთარი სიმართლის დასადასტურებლად.

როგორც მან სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მოლოდინებზე, რა გადაწყვტილებას გამოაცხადებს მოსამართლე გელაშვილი, საუბარი უჭირს, თუმცა, მიიჩნევს, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში ის დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს.

როგორც ყოველთვის, დღესაც ვიტყვი, რომ მე სიტუაციაში ვიყავი იქ, არ უარვყოფ, გავაკეთე ჩემი პროფესიული საქმიანობა. სულ ვიყავი 28 წამი  და გამოვედი. დანარჩენს მოვყვები იმას, რაც საზოგადოებას დააინტერესებს, დღეს რასაც ჩვენ ვილაპარაკებთ, წესით მოსამართლემ უნდა გაანალიზოს, შემდეგ რა განაჩენს გამოიტანს ეს იმაზე და საზოგადოებაზე იქნება. დანარჩენი ვნახოთ, - ამბობს ჩახუნაშვილი.

  • 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუას, ზაქრო ალბუთაშვილს, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • ია დარახველიძე და გიორგი ჩახუნაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.
  • 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება 22 პირს გაუფორმდა.

მსგავსი სიახლეები