10 წლის გოგოს დაცემა პირდაპირ ეთერში - საზმაუს ბორდის წევრები პირველი არხისგან ახსნა-განმარტებებს ელოდებიან
10 წლის გოგონას დაცემა პირდაპირ ეთერში - საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრები, საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ახსნა განმარტებებს ელოდებიან.
"პირველებს" ლაშა ტუღუში უდასტურებს, რომ მიმართვა პირველ არხში უკვე გაგზავნილია. ბორდის წევრებს აინტერესებთ, როგორ ვერავინ შენიშნა პირდაპირ ეთერში 10 წლის ბავშვის იატაკზე დაცემა.
ტუღუში ითხოვს მოწვეულ იქნას სამეურვეო საბჭოს სხდომა და არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა დააფიქსიროს პოზიცია მომხდართან დაკავშირებით.
სამეურვეო საბჭო აუცილებლად უნდა იყოს ჩართული პროცესში და აუცილებლად უნდა მოსთხოვოს პასუხი, თუ პასუხია მოსათხოვი - ამბობს "პირველებთან" ლაშა ტუღუში.
- კადრების გასაჯაროვების შემდეგ, სადაც ბავშვს გული მისდის და ეცემა, არხმა მხოლოდ ერთი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ჩაწერეს რომ ვერაფერი დაინახეს.
წერილით მივმართე დირექტორს, რომ რა ხდება - მივმართე ასევე სამეურვეო საბჭოს, რომ გაიმართოს ეს შეხვედრა. ველოდები, არსებობს თავმჯდომარე, რომელმაც წესით და რიგით უნდა დანიშნოს სხდომა, სადაც უნდა მოვისმინოთ გენერალური დირექტორის მოსაზრებები- პოზიცია. მე მას ასევე მოვთხოვე საბუთების წარმოდგენა. ასევე მოვთხოვე, თუ არ არსებობს ისეთი რამ, უნდა გაკეთდეს და წარმოდგინოს იმისთვის, რომ სამეურვეო საბჭო აუცილებლად უნდა იყოს ჩართული პროცესში და მან აუცილებლად უნდა გაარკვიოს, რაშია საქმე და აუცილებლად უნდა მოსთხოვოს პასუხი, თუ პასუხია მოსათხოვი - ვისზეა მოსათხოვი, როგორ არის მოსათხოვი. ყველაფერი უნდა გააკეთოს სამეურვეო საბჭომ", - აცხადებს ლაშა ტუღუში.
ცნობისთვის, 10 წლის გოგონას დედა, თამარ აკობია ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ ბავშვს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება.
ქალის თქმით, მისი შვილის დაცემის შემდეგ ადგილზე მყოფმა პასუხისმგებელმა პირებმა სათანადო რეაგირება არ მოახდინეს, ბოდიში არ მოუხდიათ და მომხდარის მნიშვნელობას დღემდე ვერ აცნობიერებენ. მშობელი არ გამორიცხავს, რომ საქმეზე სამართლებრივ დავასაც დაიწყებს.
- კადრებმა, სადაც ჩანს, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში 10 წლის გოგონა დაეცა, ხოლო მის დასახმარებლად რეაგირება რამდენიმე წუთის განმავლობაში არავის მოუხდენია, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია.
- ინციდენტი 9 ივნისს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დღის გადაცემაში მოხდა, როცა "პირველ არხზე" "სიმღერის აკადემიის" წევრები იყვნენ მიწვეულები.
- ერთ-ერთი ბავშვის მშობლის მიერ გადაღებული უწყვეტი კადრიდან ჩანს, რომ ბავშვის დაცემის შემდეგ, ნომერი ჩვეულებრივ გაგრძელდა და მოზარდი მინიმუმ ორი წუთის განმავლობაში იატაკზე იწვა.
- მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პირველმა არხმა, სადაც წერდა, რომ არხის ვერცერთმა თანამშრომელმა ვერ დაინახა, როგორ დაეცა 10 წლის ბავშვი პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას.
- განმარტების გაკეთება მოუწია “სიმღერის აკადემიასაც” - მათი თქმით, "პირდაპირი ეთერის დროს, სცენის განათების, ხმამაღალი მუსიკისა და დინამიკის გამო, ხელმძღვანელების მხრიდან უშუალოდ წაქცევის მომენტის დანახვა ვერ მოხდა".