პრეზიდენტს გუშინ განუვითარდა თავის ტვინის გარდამავალი იშემია, რომელიც დროებით გამოსწორდა - ანზორ მელია

19.11.21 18:14
პრეზიდენტს გუშინ განუვითარდა თავის ტვინის გარდამავალი იშემია, რომელიც დროებით გამოსწორდა - ანზორ მელია

კარდიოლოგი ანზორ მელია მიიჩნევს, რომ გუშინ შიმშილობის 49-ე დღეზე მიხეილ სააკაშვილს განუვითარდა არა სინკოპე, რასაც აცხადებდნენ, არამედ თავის ტვინის გარდამავალი იშემია, რომელიც დროებით გამოსწორდა.

მედიკოსის განცხადებით, საფრთხე კვლავ არსებობს, ამიტომ აუცილებელია საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაყვანა მულტიფუნქციურ კლინიკაში.

ანზორ მელია აცხადებს, რომ გორის კლინიკა შესაფერისი დაწესებულებაა, თუმცა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კომისიის წევრებმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგი მუდმივად უნდა აწარმოონ.

ანზორ მელიას ინფორმაციით, საქართველოში მოღვაწე მედიკოსებს შიმშილობის შემდგომი პერიოდის მართვის გამოცდილება არ გააჩნიათ, ამიტომაც აუცილებელია უცხოელი სპეციალისტების მოწვევა.

გუშინ, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 49-ე დღეს, გამოაცხადეს, პრეზიდენტს სინკოპე განუვითარდაო. სინკოპე არ ვითარდება მაღალი წნევის ფონზე, აქ იყო თავის ტვინის გარდამავალი იშემია, რომელიც დროებით გამოსწორდა კვალიფიციური რეანიმატოლოგის სწრაფად ჩარევის შემდეგ.

ეს გუშინდელი დღე ხვალ და ზეგ უფრო გამოჩნდება. ღმერთმა არ ქნას, რომ თავის ტვინის ინფარქტი ჰქონდეს ბატონ მიშას. მისი გადაყვანა მრავალპროფილურ საავადმყოფოში აუცილებელია. გორის ჰოსპიტალი კარგი საავადმყოფოა. თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი. ჩემი კოლეგები ძალიან კარგი ხალხია და შეეძლებათ პირველ დღეებში მართვა დაავადების, მაგრამ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი არაჩვეულებრივი კომისია, რომელიც პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, ალბათ, გააგრძელებს ბატონი მიხეილის მკურნალობას. მაგრამ ესეც არ იქნება საკმარისი, რადგან ჩვენ, ქართველ ექიმებს, შიმშილობის შემდგომ პერიოდზე გამოცდილება არ გვაქვს. არ გვაქვს გაიდლაინები, ამიტომ უნდა მოვიწვიოთ საზღვარგარეთიდან ცნობილი ექიმები - განაცხადა ანზორ მელიამ.