ნანა სანდერმა სასამართლოში ციხის თანამშრომლების მხრიდან მისი უფლებების დარღვევაზე ისაუბრა

23.06.26 15:51
ნანა სანდერმა სასამართლოში ციხის თანამშრომლების მხრიდან მისი უფლებების დარღვევაზე ისაუბრა

 

 

სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულმა, ნანა სანდერმა სასამართლოში ციხის თანამშრომლების მხრიდან მისი უფლებების დარღვევაზე ისაუბრა. 

ნანა სანდერის თქმით, ციხის დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა დედასთან შეხვედრა აუკრძალა. ბრალდებულმა სასამართლოზე აღნიშნა, რომ ციხის თანამშრომლების დამოკიდებულების შესახებ უსაფრთხოების სამსახურს არაერთხელ მიმართა ოფიციალურად. 

პენიტენციური არათუ უზრუნველყოფს ჩემს უსაფრთხოებას, პირიქით, მაზიანებენ. ნინო ქუთათელაძემ [ციხის თანამშრომელი] მიმიყვანა თვითმკვლელობის მცდელობამდე 28 აპრილს. ამის შედეგად მივიღე ოფიციალურად ნესტან ვერულაშვილისგან სასჯელი, ადმინისტრაციული სახდელი. სახელმწიფო რას მეუბნება, რატომ არ მოვიკალი თავი?

მიზანმიმართულად ვითხოვ, განმარიდოთ დარეჯან ოქრუაშვილი [ციხის თანამშრომელი]. მენტალურ ჯანმრთელობას მინადგურებს ეს ადამიანი. ვერცერთი უწყება ვერ გამოვა და ვერ იტყვის, რომ ამის შესახებ არ იცის. სხვებსაც ცუდად ექცევა, მაგრამ მე ვყავარ ამოჩემებული და ამის ნებართვა აქვს. ეს ადამიანი არის სახელმწიფო. მეუბნება, 9 წელსაც არ გაკმარებთ, 20 წლით ჩაგაყუდებთ ციხეშიო. მემუქრება. მე ჩამიწერეს აქეთ, რომ თურმე ვემუქრებოდი ფიზიკურად. უსაფრთხოების სამსახურმა, რომელსაც არაერთხელ მივმართე, ოფიციალურად, ლუდმილა ბარტაევამ, ამიკრძალა მიმართვა. ნესტან ვერულაშვილმა ამიკრძალა დედასთან შეხვედრა.

რადგან სახელმწიფო ჩემს სიცოცხლეს არ იცავს, უკლებლივ ყველა დასავლურ ერს მივმართავ, უკლებლივ ყველა ქრისტიანულ რელიგიურ ორგანიზაციას. ეს სახელმწიფო ოფიციალურად მკლავს. ვერავის გავაგონე ჩემი ხმა," - თქვა ნანა სანდერმა.

ნანა სანდერს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განუცხადა, რომ ის, რაზეც საუბრობს, აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული და უკვე არაერთხელ გაგზავნა პროკურატურაში მიმართვა ამასთან დაკავშირებით. მოსამართლემ აღნიშნა, რომ შემდგომი რეაგირებისთვის ოქმს კიდევ ერთხელ გაგზავნის, თუმცა სხვა რამის გაკეთება არ შეუძლია. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული 4 პირის პროცესი მიმდინარეობს. განაჩენს აბო ნავერიანი, მარიამ მეყანწიშვილი და ნანა სანდერი ელოდებიან, ხოლო ანტონ უპერი მიმალვაშია. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ეპიზოდზე თავდაპირველად 12 პირის პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა 8 ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.