ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო

24.06.26 12:04
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო

ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ekalata.gov.ge ჩაირთო. ვებსაიტი 12 სუპერმარკეტში ფასდაკლებული პროდუქტების ნუსხას აერთიანებს.

  • ვებსაიტს დამზადება 53 ათასი ლარი დაჯდა. თანხა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

ვებ-გვერდზე www.ekalata.gov.ge განთავსებული იქნება საოჯახო კალათაში შემავალ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე - 12 უმსხვილეს ქსელში წარმოდგენილი საუკეთესო ფასები. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, შეადარონ პროდუქტის ღირებულებები და საუკეთესო შეთავაზებების შესახებ მიიღონ ინფორმაცია. გარდა ამისა, მოქალაქეები შეძლებენ, კატეგორიის მიხედვით მოძებნონ, თუ სად შეიძენენ მათთვის სასურველ პროდუქტს საუკეთესო პირობებით და შექმნან საკუთარი კალათა, სადაც ასახული იქნება ფასების ჯამური მაჩვენებელი.

პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებულები იქნებიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ, რომელიც საინფორმაციო პორტალზე პროაქტიულად განახლდება. დაგეგმილია ვებპორტალის შემდგომი განვითარებაც, რომ მომხმარებელთა ინფორმირება მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი. საუკეთესო შემოთავაზებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მოხდება სხვადასხვა სამაუწყებლო და სატელევიზიო ფორმატებში, ასევე შეიქმნება სპეციალური აპლიკაცია მობილური მოწყობილობებისთვის.

მსგავსი სიახლეები