რუსეთმა დაასანქცირა "მაგნიტსკის აქტის" ავტორის შვილი, რომელმაც რუსეთთან კავშირში მყოფი კრიპტობირჟები ამხილა

24.06.26 14:06
რუსეთმა დაასანქცირა "მაგნიტსკის აქტის" ავტორის შვილი, რომელმაც რუსეთთან კავშირში მყოფი კრიპტობირჟები ამხილა

სკოლის მოსწავლე, რომელმაც რუსეთთან კავშირში მყოფი კრიპტობირჟები ამხილა, რუსეთმა სანქციების სიაში შეიყვანა. დასანქცირებულია მაგნიტსკის აქტის ავტორის შვილი, ალექსანდრე ბრაუდერი რომელმაც რუსული ქსელი საქართველოშიც აღმოაჩინა - ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება “ნოვაია გაზეტა” აქვეყნებს

ბრიტანელმა სკოლის მოსწავლემ, ალექსანდრ ბრაუდერმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღწერა, თუ როგორ იყენებდნენ რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა სტაბილკოინ A7A5-სა და საგადამხდელო ქსელ A7-ს დასავლური სანქციებისთვის გვერდის ავლით მილიარდობით დოლარის გასათეთრებლად. 

  • ამ მხილების საფუძველზე, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოში რეგისტრირებულ სამ კრიპტობირჟას: Arvix LLC, Rapira Group LLC და Aifory LLC. მათ შორის, სანქციების სიაში მოხვდნენ: რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ყირგიზეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, პანამა და სალვადორი. 

მედია წერს, რომ საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 წლის ბრაუდერს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, რაზეც მოზარდმა დაწერა:

„ვამაყობ, რომ გავხდი პირველი სკოლის მოსწავლე მსოფლიოში, რომელიც ავტორიტარულმა რეჟიმმა სანქციების სიაში შეიყვანა კორუფციის მხილების გამო“ - წერს ბრაუდერი.

ალექსანდრ ბრაუდერი "მაგნიტსკის აქტის" მთავარი შემოქმედის და პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსის, ბილ ბრაუდერის შვილია. სერგეი მაგნიტსკი მისი ადვოკატი იყო და რუსეთში ის სწორედ ბილ ბრაუდერის საქმეზე მუშაობის გამო დააკავეს, თითქმის ერთი წელი აწამებდნენ მოსკოვის ციხეში, უარს ეუბნებოდნენ სამედიცინო დახმარებაზე და 2009 წელს საკანში ცემით მოკლეს.