თამთა მიქელაძე ელენე ხოშტარიას მიმართ სასჯელის შეცვლის, გადავადების და გათავისუფლების მექანიზმებზე საუბრობს
უფლებადამცველი თამთა მიქელაძე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და იმ პირობებს უსვამს ხაზს, რომელიც შესაბამისი იქნება პატიმრობაში მყოფი პოლიტიკური ლიდერისთვის, რათა შეუქცევადი პროცესების შეკავება მოხდეს.
მიქელაძის თქმით, სამართლის სისტემა იცნობს რამდენიმე მექანიზმს სასჯელის შეცვლის, გადავადების, გათავისუფლების შესახებ.
ელენე ხოშტარია მალევე უნდა გადაიყვანონ მულტიფუნქციურ და მაღალკვალიფიციურ კლინიკაში, რომ მოხდეს მისი სათანადო დიაგნოსტირება და მკურნალობის რეჟიმის შერჩევა.
ამის შემდეგ უნდა მოხდეს იმის განსაზღვრა, მკურნალობის შესაძლებლობები და ინფრასტრუქტურა სად და რა პირობებში იქნება შესაბამისი მისთვის, რომ შეუქცევადი პროცესების შეკავება მოხდეს.ჩვენი სამართლის სისტემა იცნობს რამდენიმე მექანიზმს სასჯელის შეცვლის, გადავადების, გათავისუფლების შესახებ:
ეს მექანიზმებია:
- 1. სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა დანიშნული სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი. [სისხლის სამართლის კოდექსის 73 მუხლი]
- 2. სასჯელის გადავადება, თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე [სისხლის სამართლის პროცესის 283 მუხლი]
- 3. სასჯელისგან გათავისუფლება, როცა მსჯავრდებულს აქვს დაავადება ან დაავადებათა ერთობლიობა და მკურნალობის ფონზე მისი ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება გართულებულია, ამასთანავე, ექიმთა კონსილიუმის მიერ კონსენსუსის საფუძველზე განსაზღვრული ლეტალურობის პროგნოზი მაღალია [სისხლის სამართლის პროცესის 284 მუხლი]
- ელენეს განაჩენის სრული აბსურდულობის პირობებში, ასევე მისი სტატუსის, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მინიმუმ პირველი [სასჯელის მოხდის 1.3 უკვე გასულია და ყველა წინაპირობა არსებობს] და მეორე მექანიზმის [მას სამედიცინო დადასტურება და გაფორმება სჭირდება ამ ეტაპზე უბრალოდ] გამოყენება თავისუფლად შეიძლება.