კრიტიკული კითხვების დასმისთვის პარლამენტმა "შაბათის ეთერის" 3 ჟურნალისტი დაასანქცირა

30.06.26 10:57
კრიტიკული კითხვების დასმისთვის პარლამენტმა "შაბათის ეთერის" 3 ჟურნალისტი დაასანქცირა

ბოლო სამ კვირაში კრიტიკული კითხვების დასმისთვის, პარლამენტმა "შაბათის ეთერის" 3 ჟურნალისტი დაასანქცირა - ერთი, ექვსი და თორმეტი თვით პარლამენტის აკრედიტაცია შეჩერებული აქვთ მაკა ჩიხლაძეს, მაკა ანდრონიკაშვილს და ნატა ქაჯაიას. მოტივი - დაუსაბუთებელია.

წერილებში, რომელიც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მიიღეს, არ არის დაკონკრეტებული, რომელი რესპოდენტის ინტერვიუს გამო მოხდა აღნიშნული ნორმის გამოყენება. 

გადაწყვეტილებას, პარლამენტის აპარატის უფროსი, კახა ოქროჯანაშვილი აწერს ხელს.

პარამენტის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“  და ფაქტს სრულიად მიუღებელი უწოდა. ორგანიზაცია საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა და მისცეს მათ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება.

ივნისში პარლამენტი კრიტიკული კითხების დასმისთვის „ტვ პირველის“ სამ ჟურნალისტს ასანქცირებს - ქარტიისთვის მედიისადმი ამგვარი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია!  
ივნისის განმავლობაში პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოს კარი „ტვ პირველის“ უკვე მესამე ჟურნალისტს ჩაუკეტა - ნატალია ქაჯაიამ დღეს მიიღო აპარატის უფროსის წერილი, რომლითაც მას შეატყობინეს, რომ პარლამენტში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება ერთი წლით აეკრძალა. 

მანამდე მსგავსი შინაარსის წერილები მიიღეს მაკა ჩიხლაძემ, 8 ივნისს  და მაკა ანდრონიკაშვილმა, 22 ივნისს. აკრედიტაცია  მაკა ჩიხლაძეს 6 თვით, ხოლო მაკა ანდრონიკაშვილს ერთი თვით შეუჩერდა.  

პარლამენტი თანდათანობით ხდება ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ინსტიტუცია ქვეყანაში, მტრულად განწყობილი იმ ჟურნალისტების მიმართ, რომელთა კრიტიკულ კითხვებზე პარლამენტის წევრების ნაწილს პასუხები ხშირად არ აქვს. 

ამგვარი ქმედებით პარლამენტი ჟურნალისტებს მუშაობაში მიზანმიმართულად უშლის ხელს და არ აძლევს მათ საშუალებას, ისეთი დაბალანსებული რეპორტაჟები და გამოძიებები მოამზადონ, რომელშიც ყველა მხარის პოზიცია იქნება წარმოდგენილი. ამ საბაბით კი მედიასაშუალებები კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამიზნედ იქცევიან, რომელსაც ახლა უკვე შინაარსობრივი საკითხების განხილვის მანდატიც აქვს და რომელიც მათ სწორედაც რომ ბალანსის დაუცველობისთვის აჯარიმებს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა და მისცეს მათ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება. 

ქარტია სოლიდარულია ყველა ჟურნალისტის მიმართ, რომელიც პარლამენტის უსამართლო მიდგომებით დაზარალდა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეეშალა"- წერია განცხადებაში.

დაუსაბუთებელი მოტივით აკრედიტაციის შეჩერებას TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და საგამოძიებო გადაცემის ავტორი და წამყვანი, ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

"შაბათის ეთერის" წამყვანი წერს, რომ "ქართული ოცნების" მიზანი, საკანონმდებლო ორგანოში კრიტიკული მედიის წარმომადგენლების დავლოკვა და მათთვის არასასურველი შეკითხვების შეწყვეტაა. 

"როდესაც, კითხვებზე პასუხის გაცემა არ უნდათ, მარტივი გამოსავალი ჟურნალისტების დაბლოკვაა"- აღნიშნავს ჟურნალისტი.

ნოდარ მელაძის მიმართვის ადრესატი "კომუნიკაციების კომისიაა", რომელიც საპასუხო კომენტარის არარსებობის გამო, ტელევიზიას ხშირად ედავება. 

წერილებში, რომელიც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მიიღეს, არ არის დაკონკრეტებული რომელი რესპოდენტის ინტერვიუს გამო მოხდა ამ ბლანკეტური ნორმის გამოყენება.

სრულიად ბუნდოვანი პასუხები, ჩვენთვის ცხადს ხდის ამ აკრძალვის განზრახვას - მათი მიზანია შეწყდეს კრიტიკული კითხვები.

კომუნიკაციების კომისია | Communications Commission საპასუხო კომენტარის არარსებობის გამო, ტელევიზიას რომ ედავებით. სამი შეჩერებული აკრედიტაციის ფონზე, სად უნდა ჩაწეროს ჟურნალისტმა პასუხი.

პასუხს ითხოვ და აკრედიტაციას გიჩერებენ, პასუხი არ არის და მარეგულირებელი გაჯარიმებს"- აღნიშნავს ნოდარ მელაძე.

მსგავსი სიახლეები