4 მაისის ხანძარმა €150 ზარალი გამოიწვია, ხოლო ტერაქტის მცდელობამ €35 ევროს ზარალი - ელისაშვილის ადვოკატები მტკიცებულებებს ასაჯაროებენ
ბრალდებული პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატები 4 მაისის საქმის მტკიცებულებებს ასაჯაროებენ და ამბობენ, რომ ვიდე-კადრები, რომელიც პროკურატურამ საქმეში ჩადო, იმდენად უვარგისია, რომ ადამიანის იდენტიფიცირება შუეძლებელია.
- ბრალის დადგენილების თანახმად, 2025 წლის 4 მაისს, დაახლოებით 03:40 საათზე, ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის ერთ-ერთი ფანჯარა დააზიანა, საიდანაც ცეცხლი წაუკიდა და ხანძარი გააჩინა შენობაში.
უფლებადამცველები გამოძიების არაეფექტურობაზე საუბრობენ და აბობენ, რომ 4 მაის სუნის ნიმუში ღია სივრცეში, წვიმიან ამინდში აიღეს ექსპერტებმა, ახლა კი ამტკიცებენ, რომ 10 თვის შემდეგ, ძაღლების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა ელისაშვილის იდენტიფიცირება შეძლეს, რაც ადვოკატების თქმით, "სამართლებრივი ნონსენია".
"ნებისმიერი დამწყები კრიმინოლოგისთვის ცნობილია, რომ შეუძლებელია წყლის ქვეშ აღებული იყოს სუნის ნიმუში და 10 თვის შემდეგ მოხდეს ადამიანის იდენტიფიცირება"- აცხადებენ იურისტები.
არჩილ ჩოფიკაშვილი და გიორგი რეხვიაშვილი ამბობენ, რომ 4 მაისს ხანძრის შედეგად გამოწვეულმა ზიანმა (საუბარია 4 მაისის საქმეზე) დაახლეობით 150 შეადგინა, ხოლო ტერაქტის მცდელობამ (29 ნოემბრის საქმე) 35 ევროს ზარალი გამოიწვია.
ადვოკატებისთვის აღნიშნული მტკიცებულებები იძლევა იმის თქმის საფუძელს, რომ ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საქმე პირადი შურისძიების შედეგია.
გასული წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაზე ცეცხლის წაკიდების საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები ჟღერდება საჯარო სივრცეში და გარკვეულ მანიპულაციებს აქვს ადგილი, ამიტომ დაცვის მხარემ გადავწყვიტეთ, რომ გავასაჯაროოთ ის „მტკიცებულებები“ და ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა დაყრდნობითაც ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებელი გამოიტანს დასკვნას, რომ ეს ადამიანი არის უდანაშაულო და შეუძლებელია, მას რაიმე შეხება ჰქონდეს ცეცხლის წაკიდების საქმესთან დაკავშირებით.
გავასაჯაროებთ ვიდეოკადრების ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, პირდაპირ დასტურდება, რომ დანაშაულის ამსახველი ვიდეოკადრები უვარგისი არის იმისათვის, რომ ადამიანის იდენტიფიცირება მოხდეს. ასევე, გარკვეული წინააღმდეგობებია ვიდეოკადრებში, მაგალითად, ერთსა და იმავე დროს, როდესაც ხდება დანაშაული, იგივე ადამიანი იმყოფება კვანტალიანის ქუჩაზე, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით სასამართლოს შენობიდან. ესეც ადასტურებს იმას, რომ ადამიანი, რომელიც წარმოუჩინეს საზოგადოებას, თითქოს ეს არის ალექსანდრე ელისაშვილი და მან დანაშაული ჩაიდინა 4 მაისს, შეუძლებელია, რომ ერთსა და იმავე დროს ორ სხვადასხვა ადგილზე ყოფილიყო.
ჩვენ, ასევე, წარმოგიდგენთ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ადასტურებს, რომ ზიანი, რომელიც გამოიწვია დასრულებულმა ტერაქტმა, ეს არის 400 ლარზე ცოტა მეტი, დაახლოებით, 150 ევროს ზიანი.
ასევე, საზოგადოებისთვის გავასაჯაროებთ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, რითაც დასტურდება, რომ სუნის ნიმუში 4 მაისს აღებული იყო წვიმიან ამინდში, ღია სივრცეში და უკვე ერთი წლის შემდეგ, თითქოსდა უცნობმა ძაღლებმა შეძლეს ამ სუნის ნიმუშის მიხედვით ოპოზიციონერის პოლიტიკოსის იდენტიფიცირება, რაც აბსურდი და შეუძლებელია. ნებისმიერი დამწყები კრიმინოლოგისთვის ცნობილია, რომ შეუძლებელია წყლის ქვეშ აღებული იყოს სუნის ნიმუში და 10 თვის შემდეგ ამით მოხდეს ადამიანის იდენტიფიცირება.
ამ კადრების გასაჯაროების შემდეგ, ნებისმიერი ობიექტური პირი დარწმუნდება, რომ ალეკო ელისაშვილს არავითარი შემხებლობა არ აქვს 4 მაისის საქმესთან. თუმცა ასევე სიახლე გვაქვს პირველ საქმესთან, 29 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით. იცით თქვენ, რომ ამ საქმეზე დაცვის მხარემ გარკვეული ექსპერტიზები დავნიშნეთ და გუშინ მივიღეთ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დასკვნა, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია იმის განსაზღვრა და იმის დადგენა, რომ 29 ნოემბერს ბენზინის მოსხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურებია 1000 კვ.მ-იანი შენობის დაახლოებით 20 კვადრატზე, საოფისე ავეჯზე. შეუძლებელია იმის მტკიცება და განსაზღვრა, რომ აქ ცეცხლის წაკიდებდა გამოიწვევდა ჯერ ამ შენობის სრულ განადგურებას და შემდგომ უკვე მეზობელი, 24 000 კვადრატიანი სასამართლოს ხუთსართულიანი შენობის განადგურებას. შესაბამისად, აქაც, ამ ახალი მტკიცებულებით დასტურდება ის, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ ამ ხნის განმავლობაში, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წაყენებული აქვს ჰიპოთეზურად, ჰიპოთეზური შედეგისათვის, რომ ეს შესაძლებელია და ამას გამოიწვევდა.
მაგრამ, იცით თქვენ, რომ სასამართლო შენობა აკმაყოფილებს სახანძრო უსაფრთხოების უკანასკნელ მოთხოვნებს, რისი დასტურიც არის 4 მაისის საქმე, რომ ცეცხლის წაკიდებამაც დაახლოებით 150 ევროიანი ზარალი გამოიწვია და ამ უსაფრთხოების წესების მიხედვით, პირველი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესია ის, რომ სივრციდან სივრცეში ცეცხლი არ უნდა გავრცელდეს, შესაბამისად, შეუძლებელია იქ ცეცხლის გაჩენას გამოეწვია სასამართლოს შენობის სრული განადგურება და ნებისმიერ ობიექტურ პირს ჰქონოდა განცდა, რომ აქ ცეცხლის წაკიდება გამოიწვევს რაღაც ტერაქტის შედეგებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, უკვე გასაჯაროებული ექსპერტიზის დასკვნით, რომ 4 მაისის ხანძარმა გამოიწვია დაახლოებით 150 ევროიანი ზარალი, ეს არის მსოფლიო კრიმინოლოგიურ ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ტერაქტმა გამოიწვია დაახლოებით 150 ევროს ზარალი და როდესაც ტერაქტის მცდელობამ გამოიწვია დაახლოებით 35 ევროს ზარალი.
იმედია, რომ ეს გასაჯაროებული მასალები ხელმისაწვდომი იქნება მედიის მეშვეობით და ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მყარი დასკვნის გამოტანა იმასთან დაკავშირებით, რომ ალექსანდრე ელისაშვილი პატიმრობაშია თავისი ოპოზიციური საქმიანობის გამო, პირადი შურისძიების გამო და რუსეთის წინააღმდეგ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის გამო და არანაირი სამართლებრივი დასაბუთება მის პატიმრობას არ გააჩნია“, - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობილია, რომ ალეკო ელისაშვილს მეორედ დასდეს ბრალი ტერორისტულ აქტში. ორივე საქმე სასამართლოს შენობას უკავშირდება. არც ერთ შემთხვევაში პოლიტიკოსი ბრალს არ აღიარებს.
ახალ საქმეზე პროკურატურის მთავარი “მოწმეები” სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები არიან, რომლებმაც პროკურატურის მტკიცებით, ელისაშვილის სუნი სხვებისგან გამოარჩიეს:
- ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
- პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.