მისი აღნაგობა არ ემთხვევა ვიდეოში არსებულ სპეცრაზმელს - როგავა მასზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულს შეხვდა
სასამართლომ გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის ძალადობის ბრალდებით დაკავებული სამივე პირი პატიმრობაში დატოვა.
"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, დღევანდელ სხდომაზე სპეცრაზმელებმა კიდევ ერთხელ მოიხადეს ბოდიში - დანაშაულს სამივე დაკავებული აღიარებს.
ჟურნალისტის გურამ როგავას თქმით, სასამართლო სხდომაზე, მის საქმეზე დაკავებულმა სპეცრაზმელმა ბოდიში მოუხადა, თუმცა ის ეჭვობს, რომ ბრალდებული მასზე თავდამსხმელი ადამიანი იყოს - "ატიმრობაში იყო და მას უთხრეს, რომ აი ახლა შენ ახალ ბრალს "შეიტენი".
სავარაუდოდ, ის პირი, რომელიც ჩემ საქმეზე დააკავეს არ არსი ჩემზე თავდამსხმელი, მისი აღნაგობა არ ემთხვევა ვიდეოში არსებულ მოქალაქეს, სპეცრაზმელს. ჩემი საქმე არის ერთ-ერთი რეზონანსული საქმე, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს ახალ სანქციებს და ხელისუფლებამ, ჩემი ეჭვით, შესაძლოა სცადა სწორედ ამის განეიტრალება, მხოლოდ სცადა არა რეალური გამოძიებით, არამედ ფორმალურად, ფასადურად გამოავლინა პირი, რომელიც ისედაც, თურმე, როგორც ირკვევა, პატიმრობაში იყო და მას უთხრეს, რომ აი ახლა შენ ახალ ბრალს "შეიტენი". მე აქ დღეს მოვედი იმ მიზნით, რომ თვალებში ჩამეხედა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემ საქმეზეა დაკავებული, მან მომმართა და მითხრა, რომ ბოდიშს მიხდის, მაგრამ მე მაქვს ამ დროისთვის საფუძველი, რომ შევიტანო ეჭვი იმაში, რომ ის ნამდვილად არის ცემაზე თავდამსხმელი.
მოვედი "ცხოველების ფერმით", ბიძინა ივანიშვილის საყვარელი წიგნით, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ მას არ ძალუძს ის, რომ ამ პოლიტიკური მოდელით მართოს ქვეყანა და ჩვენ აუცილებლად შევეწინააღმდეგებით იმას, რომ მისი ერთგული ლეკვები, მას რომ ერთგული ჰგონია, რეალურად არიან გამყიდველები და სისტემა შიგნიდან ჟონავს," - განაცხადა გურამ როგავამ.
აქტივისტის, ზვიად მაისაშვილის თქმით, დაზარალებულებმა არ იციან მათზე თავდამსხმელების იდენტიფიცირება რა პირობებში მოხდა და შეუძლებელია ვინმემ დარწმუნებით იცოდეს ეს ადამიანები არიან თუ არა ის სპეცრაზმელები.
სასამართლო პროცესზე ვერ მოვახერხე შესვლა, სამწუხაროდ, თუმცა როგორც გავიგე არაფერი სიახლე არ ყოფილა, ისევ იგივე რიტორიკა, მოუხადეს ბოდიში გურამ როგავას. 170-მდე ადამიანია დაზარალებულად აღიარებული სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა დაკავებული არის მხოლოდ 5. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ ცდილობს გამოავლინოს ადამიანები, ვინც არიან დამნაშავეები. გასული იყო წელიწადნახევარზე მეტი, ხელისუფლება გვიმტკიცებდა, რომ შეუძლებელი იყო ამ ადამიანების იდენტიფიცირება და უცბად აღმოჩნდა, რომ ორი ადამიანი არის დაკავებული. იმის გათვალისწინებით, რომ 10 დღით ადრე ჩემ საქმეში არანაირი სიახლე არ იყო, უცბად არსაიდან ჩნდება ორი ადამიანი. არ ვიცით რა პირობებში მოხდა მათი იდენტიფიცირება, შესაბამისად შეუძლებელია ვინმემ დარწმუნებით იცოდეს ესენი ისინი არიან თუ არა," - ამბობს ზვიად მაისაშვილი.
საქმის პროკურორის განმარტებით, საქმეში არა მხოლოდ ბრალდებულების მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია, არამედ სხვა არაერთი მტკიცებულებაა.
საქმე არ დაიყვანება მხოლოდ და მხოლოდ იმ ინფორმაციაზე, რაც უშუალოდ ბრალდებულების მხრიდან მიიღო საგამოძიებო უწყებამ, არაერთი სხვა მტკიცებულებაა როგორც გამოკითხვის ოქმის სახით, ისე ვიდეო-ჩანაწერების და ექსპერტების დასკვნების სახით.
ზვიად მაისაშვილის ეპიზოდზე ყველა ის პირი, ვინც გავრცელებულ კადრებში ფიგურირებს და ახორციელებს ძალადობას, დაიდენტიფიცირებული ორი პირი მიცემულია პასუხისგებაში, წინასწარ სხვა დეტალებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ.
ყველა დაზარალებულს ჰქონდა საშუალება რომ გასცნობოდა საქმის მასალებს, ასევე თუ რამე კითხვა აქვს აქამდეც და ამის შემდგომაც მას შეუძლია, რომ საგამოძიებო უწყებას ეს კითხვები დაუსვას და ჩვენგან ამომწურავ პასუხებს მიიღებს. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, კონკრეტულად ვერ მოგახსენებთ. დაიწყება არსებითი სხდომები და ეტაპობრივად გამოვიკვლევთ მტკიცებულებებს, ეტაპობრივად გავაკეთებთ განცხადებებს," - ამბობს პროკურორი.
ცნობისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნული საქმიდან ლევან ხაბეიშვილის საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.