მიქანაძის თქმით, სასკოლო წიგნების კონცეფცია სრულად იცვლება
სკოლებში სახელმძღვანელოების რეფორმა იწყება - განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ცვლილებები შედის როგორც წიგნების შინაარსსა და ვიზუალში, ისე მათი გამოყენების წესში.
მიქანაძე ამბობს, რომ იცვლლება წიგნების ყდების ვიზუალი და ის ეროვნული ღირებულებების მატარებელი იქნება - "ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე ღვინის დაწურვის პროცესი, ფიზიკის წიგნზე კი კოსმოსში ქართული თანამგზავრის გაშვება იქნება დატანილი".
მისივე ინფორმაციით, სახელმძღვანელოებში შევიდა 500-ზე მეტი ახალი ილუსტრაცია, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს შეეხება. მიქანაძის თქმით, აღნიშნული კომპონენტების შეტანის მიზანია, რომ მოსწავლეებმა იცოდნენ, „რა საგანძური აქვს“ ქვეყანას.
- მინისტრი ასევე განმარტავს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით, კერძო და საჯარო სკოლებში, ერთსა და იმავე საფეხურსა და საგანში, ერთი და იგივე სახელმძღვანელო იქნება გამოყენებული. მიქანაძის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი მშობლების უკმაყოფილება გახდა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ სკოლის შეცვლისას სხვადასხვა მეთოდოლოგიით სწავლება ბავშვებში დაბნეულობას იწვევდა.
უწყების გეგმით, 2028 წლის 15 სექტემბრამდე ყველა საფეხურზე, როგორც ჰუმანიტარული, ისე STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) მიმართულების საგნებში სრულიად ახალი სახელმძღვანელოები დაინერგება. ახალი სასწავლო წლისთვის კი განახლებული წიგნებით პირველი, მე-7 და მე-10 კლასის მოსწავლეები ისარგებლებენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონცეფცია სრულად იცვლება. წიგნების ყდებზე იქნება ეროვნული ღირებულებების მატარებელი ვიზუალები. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ - ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება დატანილი ქართული, ტრადიციული ღვინის დაწურვის პროცესი, რომელიც ქიმიურ პროცესთანაა დაკავშირებული. უკანა ყდაზე კი ამ პროცესის აღწერა იქნება განთავსებული.
ფიზიკის სახელმძღვანელოზე გვექნება დატანილი ელგუჯა მეძმარიაშვილის უდიდესი გამოგონება - კოსმოსში პირველი ქართული თანამგზავრის გაშვება. იგივე კონცეფცია გავრცელდება სხვა წიგნებზე.
სახელმძღვანელოებში შევიტანეთ 500-ზე მეტი სრულიად ახალი ილუსტრაცია, რომელიც არასოდეს ყოფილა წიგნებში და რომელიც შეეხება ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს. ეს ეროვნული კომპონენტები შემოგვაქვს იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა იცოდნენ რა საგანძური აქვს ჩვენს სამშობლოს“, - განაცხადა მიქანაძემ.