"შექმნეს პატარა მოსკოვი ბათუმში და პატარა სანქტ-პეტერბურგი თბილისში" - ეკონომისტები რუსული ბიზნესის საფრთხეებზე საუბრობენ

01.07.26 18:34
"შექმნეს პატარა მოსკოვი ბათუმში და პატარა სანქტ-პეტერბურგი თბილისში" - ეკონომისტები რუსული ბიზნესის საფრთხეებზე საუბრობენ

საქართველოში რუსული ბიზნესის რაოდენობის რეკორდული ტემპით ზრდას ეკონომისტები ეხმაურებიან და საფრთხეებზე საუბრობენ. 

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ ბოლო ხუთ თვეში ქვეყანაში 3 266 რუსული კომპანია დარეგისტრირდა.

დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოს ეკონომიკური "სტრატეგიული პარტნიორი" რუსეთი გახდა და ამას "ქართული ოცნების" პოლიტიკა უწყობს ხელს. 

ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი აცხადებს, რომ ბიზნესის ერთ ჯგუფს საქართველოს გავლით რუსეთში დასავლური პროდუქცია შეაქვს, ხოლო მეორე ჯგუფი ქვეყანაში რუსულ დიასპორას ემსახურება. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის თქმით, ჩვენ გვსმენია როგორ არის ჩანერგილი фсб-ს აგენტურა დიასპორაში, როგორ ცდილობენ იქ გავლენების მოპოვებას და როგორ შეიძლება კომბინაციაში ამან გამოიწვიოს ქვეყნისთვის უსაფრთხოების რისკები.

მოსახლეობა, რუსები და რუსული ბიზნესები - შექმნეს პატარა მოსკოვი ბათუმში და პატარა სანქტ-პეტერბურგი თბილისში. იმისთვის, რომ სავაჭრო კორიდორით ივაჭროს რუსეთმა, საქართველოშიც გაჩნდა უკვე ეს ეკოსისტემა რუსული ბიზნესების, რომლებიც ეხმარებიან პირობითად დასავლეთიდან რაიმე პროდუქტის საქართველოში ჩამოტანას და მერე ხდება ამ პროდუქტის გატანა რუსეთში. მეორე ჯგუფი ეს არის, ჯგუფი ადამიანების, რომლებიც ემსახურება რუსულ დიასპორას საქართველში. ჩვენ ვიცით როგორ იყენებს უკვე პუტინი რუსულ დიასპორას, თუნდაც ეს დიასპორა იყოს მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი. ჩვენ გვსმენია კიდეც როგორ არის ჩანერგილი фсб-ს აგენტურა დიასპორაში, როგორ ცდილობენ იქ გავლენების მოპოვებას და როგორ შეიძლება კომბინაციაში ამან გამოიწვიოს ქვეყნისთვის უსაფრთხოების რისკები. ჩვენი ეკონომიკური "სტრატეგიული პარტნიორი" გახდა, სამწუხაროდ, რუსეთი და ამას უწყობს ხელს "ქართული ოცნების" პოლიტიკა, ბოლო 4 წლის," - თქვა გიორგი ხიშტოვანმა. 

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, "ჯერ საქართველოს" წევრის, ნიკოლოზ ალავიძის  განმარტებით, ალბათობა, რომ საქართველოში რეგისტრირებული რუსული ბიზნესებიდან 60%, ან მეტი შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს, ძალიან დიდია. 

მისი თქმით, ამ საკითხზე შესაბამისი სამსახურები უნდა მუშაობდნენ. 

ეს აქტივობა შესაძლებელია ქვეყნის რეალური ეკონომიკური უსაფრთხოების და სუვერენიტეტის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული არაკეთილსინდისიერი მხარის მიერ, არაკეთილსინდისიერი მხარე ვიცით ზუსტად, რომ არის რუსეთის იმპერია, რომელიც პირდაპირ გვებრძვის ჩვენც, კაცობრიობასაც. ეს ეკონომიკური ბერკეტი იყო, არის და იქნება ერთ-ერთ მთავარ იარაღად. პუტინი იქნება თუ სხვა ვიღაც ივანოვი იქნება, ეს იმპერიის სტრატეგიული ზრახვების ნაწილია და ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ამ ათასობით, ათიათასობით და ასიათასობით ადამიანის/კომპანიის უკან ვინ დგას რეალურად ჩვენ არ ვიცით, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიმკითხაოთ. ალბათობა იმის, რომ აქედან 60% ან მეტი შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, ძალიან დიდია. ამისთვის შესაბამისად უნდა მუშაობდეს, რა თქმა უნდა, თავის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამსახურები," - ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.