გათავისუფლების შემდეგ თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე რუსთაველზე უწყვეტ პროტესტს შეუერთდნენ
გათავისუფლების შემდეგ თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე რუსთაველზე უწყვეტ პროტესტს შეუერთდნენ.
თორნიკე თოშხუას განცხადებით, რუსთაველზე დაბრუნება დიდხანს მიტოვებულ სახლში, ოჯახში დაბრუნებას გავს.
დიდხანს მიტოვებულ სახლში და დიდხანს მიტოვებულ ოჯახში რომ დაბრუნდები ასეთი შეგრძნებაა, ძალიან მაგარი შეგრძნებაა, ბიჭებს მალე ვუსურვებ და არა მარტო ბიჭებს ქალბატონებს, ყველას, ვინც უსამართლო ტყვეობაშია გამოკეტილი მალე ვუსურვებ გამარჯვებას. გამარჯვებას ჩვენთან ერთად. მათთვის მხნეობა არის ჩვენი მოქმედება. მე, როგორც პლუს ერთი კაცი, ყველანაირად ვეცდები, რომ ეს გამარჯვება მალე დადგეს.
შიში არის ბუნებრივი მოვლენა და შიშზე უნდა გაიმარჯვო. შენ თავთან ბრძოლით იწყება პირველ რიგში და შენ თავს, რომ გადააბიჯებ და ერთხელ, ორჯერ, მესამედ უკვე აღარ შეგეშინდება და ვერ დაგთრგუნავს ვერანაირი რეპრესიული კანონი, თუ ვერანაირი წნეხი. ნელ-ნელა იწრთობი ამ ბრძოლაში," - განაცხადა თორნიკე თოშხუამ.
მინდია შერვაშიძემ რუსთაველის პრიტესტის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ "ახლა იწყება ბრძოლა გამარჯვებამდე".
პირველ რიგში, ბიჭები მინდა მოვიკითხო, გამაგრდნენ, დიდი სიყვარული ჩემგან მათ, ვგულშემატკივრობ ბოლომდე. ამ ხალხს მინდა მადლობა გადავუხადო ბრძოლისთვის, ამ შემართებისთვის, ყველა ძალიან მიყვარს. აწი იწყება ბრძოლა გამარჯვებამდე. რა თქმა უნდა, ქართველ მებრძოლ ერს ვერავინ ვერ შეაშინებს," - თქვა მინიდა შერვაშიძემ.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ, დღეს, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა – თოშხუა დარბაზიდან გათავისუფლდა , ხოლო მინდია შერვაშიძემ ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა.
მინდია შერვაშიძესა და თორნიკე თოშხუას 1 წლით პატიმრობა პირველ აპრილს მიესაჯათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო.
აქციის მონაწილეები 16 აგვისტოს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით რუსთაველის გამზირზე დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინდია შერვაშიძემ და თორნიკე თოშხუამ ყოფილ ფეხბურთელსა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერზე, ბექა გოცირიძეზე ჯგუფურად იძალადეს.
[ფოტო: ლევან ზაზაძე]