დავგეგმეთ უახლოეს დღეებში ჩასატარებელი კვლევები - "ვივამედში" ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესი იწყება

02.07.26 10:20
დავგეგმეთ უახლოეს დღეებში ჩასატარებელი კვლევები - "ვივამედში" ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესი იწყება

კლინიკა "ვივამედში" პატიმარი ქალი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესი იწყება. მას შემდეგ რაც, "დროას" ლიდერი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს ის ექიმებმა - მაკა იოსელიანმა და ანი ქავთარაძემ მოინახულეს. ისინი ასევე შეხვდნენ ვივამედის კლინიკურ დირექტორს, ზურა ჩხაიძეს.

"დავგეგმეთ უახლოეს დღეებში ჩასატარებელი კვლევები"- ამბობენ მედიკოსები. 

"მასთან ვისაუბრეთ ელენეს დიაგნოზის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გავაცანით ჩვენი მოსაზრებები, შევთანხმდით თანამშრომლობაზე პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. გვქონდა ძალიან კოლეგიალური საუბარი, დავგეგმეთ უახლოესი დღეების მანძილზე ჩასატარებელი კვლევები. ამ ეტაპისთვის [ჩატარდა] მხოლოდ გარკვეული საბაზისო რუტინული ლაბორატორიული კვლევები, რომლის პასუხებიც სავარაუდოდ ხვალ დღის მეორე ნახევარში უკვე იქნება. ამის პარალელურად გვექნება ონლაინ კონსილიუმი სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებთანაც, რომლებთან ერთადაც უკვე დავგეგმავთ სხვა ინსტრუმენტულ კვლევებს და ასევე უფრო ვიწრო სხვადასხვა მიმართულებით ლაბორატორიულ კვლევებს.

ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა, შეიძლება ითქვას, რომ იგივეა, რაც გუშინწინ ვნახეთ ციხის პირობებში და ვიმედოვნებთ, რომ ამ ურთიერთთანამშრომლობის პროცესში ჩვენს კოლეგებთან ერთად შევძლებთ, რომ ელენეს დაავადების პროგრესირება შევაჩეროთ და დაუბრუნდეს ის ჩვეულ მდგომარეობას" - თქვა ანი ქავთარაძემ.