ეკლესიაში საპროტესტო აქცია ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლაა - მეუფე სტეფანე

21.11.21 14:30
ეკლესიაში საპროტესტო აქცია ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლაა - მეუფე სტეფანე

"ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლა, აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა",  - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, სტეფანე კალაიჯიშვილმა, განაცხადა. მეუფე სტეფანეს დღეს  წაჩხურუს მამათა მონასტერში განკვეთილი ბერები და მათი მხარდამჭერები შეძახილებით დახვდნენ. მიტროპოლიტი სტეფანე წირვას განკვეთილი სასულიერო პირების პროტესტის ფონზე ატარებს.

როგორც მეუფე სტეფანე ამბობს, განკვეთილი მღვდლებისთვის   ლოცულობს.

გილოცავთ მთავარანგელოზობის დღესასწაულს, მრავალს დაესწარით სიკეთით, სიბრძნით სიმართლით. იმ ხალხსაც ვულოცავ და თქვენ თვითონ ხედავთ, თითოეულ ნაბიჯზე ვლოცავ მათ, მართლა მთელი გულით ვულოცავ, მინდა, რომ შინაგანი სიმშვიდე ჰპოვონ და უფლის გზა დაინახონ და მივიდნენ უფალთან. ახლა რასაც ესენი აკეთებენ, არის უბრალოდ საპროტესტო აქცია. კი, შეიძლება, ვინმეს საპროტესტო აქცია მოსწონს, მაგრამ ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლა, აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა. თუ მათ რამის გამოხატვა უნდათ, ლოცვით უნდა გამოხატონ, სიყვარულით გამოხატონ. მე არავის ვებრძვი, მე მინდა მათი სიკეთე, მე მინდა მათი ოჯახების სიკეთე, მინდა, რომ ისინი ღვთის წინაშე ლოცვით დადგნენ და ლოცვა-კურთხევა მიეცეთ, რომ ნორმალურად იმსახურონ ეკლესიაში. არ მინდა მათი ცუდი და ღმერთმა და მთავარანგელოზებმა მისცენ მათ ეს მადლი, რომ ეს გააკეთონ",- განცხადა მეუფე სტეფანემ.

შეგახსენებთ, დღეს წაჩხურუს მამათა მონასტერში, სადაც მეუფე სტეფანემ  წირვა-ლოცვა  აღავლინა, ხმაური იყო. მონასტრის შესასვლელში მღვდელმთავარს  ეპარქიიდან განკვეთილი ბერ-მონაზვნები და მათი მხარდამჭერები შეძახილებით დახვდნენ.