პატიმართა რაოდენობა გაიზარდა - სამი ციხე, სადაც დასაშვები ლიმიტი გადაცილებულია
სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პატიმართა რაოდენობა იზრდება.
ამასთან, პენიტენციური დაწესებულებებიდან სამში (№2, №8 და №15 დაწესებულებებში) დადგენილ ლიმიტთან შედარებით პატიმრების მეტობა დაფიქსირდა.
როგორც ანგარიშშია მოცემული: ქნსის №15 პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილ ლიმიტთან შედარებით 56.99%-ით მეტი პატიმარია მოთავსებული. №2-ში 30.71%-ით, ხოლო №8-ში 32.32%-ით.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩეველი, გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ მოცემული სტატისტიკა საგანგაშოა.
მისივე თქმით, იუხედავად იმისა, რომ მაისის თვეში 661 პატიმარი გათავისუფლდა, ზრდა მაინც 100-ზე მეტი პატიმრით გვაქვს. ამასთან 2025 წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით პატიმრების რაოდენობის ზრდა დაახლოებით 40%-იანია.
პატიმრების რაოდენობა ქართულ ციხეებში კვლავ იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ მაისის თვეში 661 პატიმარი გათავისუფლდა, 100-ზე მეტი პატიმრით გვაქვს ზრდა მაინც. ვხედავთ, რომ 2025 წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით პატიმრების რაოდენობის ზრდა დაახლოებით 40%-იანია. ვხედავთ, სამ ციხეს, სადაც განსაკუთრებით საგანგაშოა პატიმრების რაოდენობის გადამეტება, განსაკუთრებით ეს ეხება ქსნის ნომერ მე-15 დაწესებულებას, სადაც დაწესებულების დადგენილ ლიმიტთან შედარებით 57%-ით მეტი პატიმარია მოთავსებული, ეს არაფორმალური მმართველობის წესების გათვალისწინებით საგანგაშოა იმიტომ, რომ პატიმრებს არ შეუძლიათ შესაბამისი საჩივრის წარდგენა აღნიშნულთან დაკავშირებით," - ამბობს გიორგი ბურჯანაძე.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, თამარ ონიანი აღნიშნავს, რომ ციხეების გადატვირთულობა სახელმწიფოსთვის მძიმე პრობლემა შეიძლება გახდეს და აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება უნდა გააკეთოს.
ციხეების გადატვირთულობა სახელმწიფოსთვის შეიძლება გახდეს იმდენად მძიმე პრობლემა, რომ მას დაუდგინდეს კონვენციის ისეთი მუხლების დარღვევა, როგორიც არის წამების აკრძალვა, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა. ამის მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფოსთვის ეს ვალდებულებები ასევე ვრცელდება ყველა იმ პენიტენციურ დაწესებულებაზე, სადაც ადამიანები სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ არიან მოქცეული. ციხეების გადატვირთულობა არ არის ისეთი პრობლემა, რომელიც შეიძლება უბრალო ბიუროკრატიულ საკითხად ჩაითვალოს. რეალურად ახლა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა გააკეთოს განცხადება, უნდა გააკეთოს შეფასება და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, როგორ არის ამ დაწესებულებებში რეალურად მიღწეული პატიმართა უფლებების დაცვა იმ სტანდარტებით, რომელიც ქვეყნისთვის არის სავალდებულო," - განაცხადა თამარ ონიანმა.