ფაქტობრივად, მტკიცებულებებს აძლევს ქართული მხარე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს - ბერდია სიჭინავა ე.წ. ჩორჩანას საქმეზე

02.07.26 17:33
ფაქტობრივად, მტკიცებულებებს აძლევს ქართული მხარე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს - ბერდია სიჭინავა ე.წ. ჩორჩანას საქმეზე

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი იწყება - გიორგი გახარიას არც ამჯერად აძლევენ უფლებას რომ სხდომას დისტანციურად ჩაერთოს.  დღეიდან საქმის არსებითი განხილვები იწყება.

როგორც პროცესის დაწყებამდე ბრალდებული გიორგი გახარიას ადვოკატმა და „გახარია საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, "ჩორჩანას საქმე" არის დიდი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, როდესაც, ფაქტობრივად, საბაბს, მტკიცებულებებს აძლევს ქართული მხარე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს, რომ თითქოს, საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგოს აგება არის დანაშაული და ვინმეს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული აქტი.

სიჭინავას თქმით, ქართული პროკურატურა საქმეში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.

“გრძელდება ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით არსებითი განხილვა, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. შესაბამისად, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე წარმოადგეს მოწმეებს. არ ვიცით ვინ იქნებიან. სავარაუდოდ, შეიძლება იყვნენ ადგილობრივი მცხოვრებლები. ფაქტობრივად, ამ საქმეში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს ქართული პროკურატურა, როდესაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ნარატივთა და მტკიცებულებებით ასამართლებენ შს ყოფილ მინისტრს, რომელსაც ედავებიან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგოს აგებას. ხედავთ როგორი ანექსიური პროცესები მიდის ცხინვალის რეგიონში. ჩვენი ძირძველი ქართული მიწის ტერიტორიის ფაქტობრივი მითვისება მიდის რუსეთის ფედერაციის მხრიდან „ოცნების“ ხელისუფლების დანაშაულებრივი დუმილის ფონზე. გუშინ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი გაიმართა, მორიგი რაუნდი, სადაც ქართული მხარის კატეგორიული პოზიციის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ არ ვიცით. მათ შორის რა კატეგორიული განცხადებები თუ საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები დაიგეგმა თუ მოითხოვა ქართულმა მხარემ იმისთვის, რომ ანექსიური პროცესები ამ ქვეყანაში გაჩერდეს. ეს არის ერთი დიდი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, როდესაც ფაქტობრივად საბაბს, მტკიცებულებებს აძლევს ქართული მხარე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს, რომ, თითქოს, საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგოს აგება არის დანაშაული და ეს არის ვინმეს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული აქტი. ამისთვის აუცილებლად მოუწევს ყველას სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.