რა ეღირება სასკოლო ფორმები?
უახლოეს დღეებში უნდა გახდეს ცნობილი, რა ეღირება სასკოლო ფორმა. იმ ფონზე, როდესაც საჯარო სკოლის მოსწავლეებს განათლების მიღება დაუსრულებელი სარემონტო სამუშაოებისა და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის პირობებში უწევთ, მშობლები "პირველებთან" საუბრისას ამბობენ , რომ სასკოლო ფორმები პრიორიტეტული არ არის და უფასო კვებისა და სხვა საჭიროებების დაკმაყოფილების აუცილებლობა უფრო დიდია საჯარო სკოლებში.
განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე განმარტავს, რომ სასკოლო ფორმის ფასი რამდენჯერმე იაფი იქნება კერძო სკოლების ფორმების ფასთან შედარებით. მშობლები მინისტრის განცხადებას პასუხობენ, რომ ერთი ბავშვისთვის 1 ფორმა საკმარისი არ იქნება , აქედან გამომდინარე ფორმის შეძენა ნებისმიერი ფასის შემთხვევაში გაუჭირდებათ.
„მილიონების გაშვება ჩინეთში არის ეკონომიკური დანაშაული ოცნების მხრიდან“ განაცხადა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა . თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი წარმოების სტიმულირების ნაცვლად ოცნება მილიონობით ღირებულების კონტრაქტს ჩინურ კომპანიას აბარებს. ქვეყანაში კი წლებია არსებობს ქართული კომპანიები , რომლებიც ევროპაში საუკეთესო არიან ტექსტილის წარმოებაში.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ფორმების შესყიდვა ახალი ფინანსური ტვირთია მოსახლეობისთვის და კიდევ უფრო დაამძიმებს ოჯახების მდგომარეობას. კოალიცია “ცვლილების“ წარმომადგენელი ამბობს, რომ გადასახადი მხოლოდ ,სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე არ აისახება და ის ყველას შეეხება.