კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო სვეტიცხოვლის ტაძრის რეაბილიტაციას იწყებს და 5 მილიონის უტენდეროდ დახარჯვას ითხოვს

03.07.26 16:25
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო სვეტიცხოვლის ტაძრის რეაბილიტაციას იწყებს და 5 მილიონის უტენდეროდ დახარჯვას ითხოვს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის ტაძრის რეაბილიტაციას იწყებს და 5 მილიონის უტენდეროდ დახარჯვას ითხოვს. 

გამარტივებული წესით შესყიდვების განხორციელების ნებართვისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორი განაცხადით უკვე მიმართა.

  • სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ღონისძიების განხორციელების პერიოდად გათვალისწინებულია 2026-2027 წლები.

პირველი განაცხადის მიხედვით: „ღონისძიების ფარგლებში იგეგმება ტაძრის ფიზიკური მდგომარეობის კომპლექსური შესწავლა, არსებული და პოტენციური რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება, ისტორიულ-საარქივო, არქიტექტურული, საინჟინრო, გეოლოგიური, გეოტექნიკური, სეისმური, კლიმატური, მასალათმცოდნეობითი და სხვა კვლევების ჩატარება, ჰოლისტიკური კონსერვაციის დოკუმენტის, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, ტექნიკური დავალებების, მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მონიტორინგის სისტემისა და მონაცემთა მართვის საშუალებების მომზადება/უზრუნველყოფა“.

ამ სამუშაოებისთვის მაქსიმუმ 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მეორე განაცხადის მიხედვით: „იგეგმება ტაძარზე გადაუდებელი და ეტაპობრივი ფიზიკური ჩარევები, მათ შორის: ქვის, კედლის მხატვრობის, კონსტრუქციული ელემენტებისა და გადახურვის კონსერვაცია-რესტავრაცია; წყლის მართვისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობა; სამშენებლო უბნის მომზადება, ხარაჩოებისა და დროებითი დამცავი კონსტრუქციების მოწყობა და სხვა“.

ამ სამუშაოებისთვის კი 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

„2026-2027 წლების პერიოდისა და შესყიდვის ღირებულებად ჯამურად არაუმეტეს 5 000 000 ლარის განსაზღვრა განპირობებულია არა ერთჯერადად თანხის გამოყოფის ან სრული მოცულობით დაუყოვნებელი ვალდებულების აღების საჭიროებით, არამედ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძართან დაკავშირებული ღონისძიებების მრავალწლიანი, ეტაპობრივი და კვლევაზე დამოკიდებული ხასიათით.

აღნიშნული თანხა წარმოადგენს შესყიდვების სავარაუდო ჯამურ ზედა ზღვარს, რომლის ფარგლებში კონკრეტული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად, შესაბამისი საჭიროების დადგომისას, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

განსახორციელებელი ღონისძიებები არ წარმოადგენს ერთჯერად შესყიდვას. პროცესი მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ ეტაპებს…“ – წერს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.

  • „ჩასატარებელი ღონისძიება უკავშირდება UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის – დაცვის, კვლევის, დიაგნოსტირების, ჰოლისტიკური კონსერვაციის, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების, მონიტორინგის, მართვისა და პრევენციული კონსერვაციის ღონისძიებების, ასევე ტაძრის ფიზიკური კონსერვაცია-რესტავრაციისა და რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელებას“ – წერს სააგენტო.