საქმე ოპოზიციონერების წინააღმდეგ - დღეს პროკურატურა სასამართლოში მოწმეებად ნანა კაკაბაძეს და ვატო შაქარიშვილს მიიყვანს
საქმე 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ - ცნობილი ხდება, რომ დღეს ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოში გამოსაკითხდა ნანა კაკაბაძეს და ვატო შაქარიშვილს მიიყვანს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას საქმის პროკურორმა პროცესის დაწყებამდე მიაწოდა.
ცნობისთვის, სწორედ "ნეიტრალური საქართველოს" წარმომადგენლების განცხადების საფუძველზეც დაიწყო საქმის წარმოება პროკურატურამ.
გამოძიების ეტაპზე, ჩვენებებში, რომელიც "პირველებს" ჰქონდა მოპოვებული, ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარიშვილი უმტკიცებენ პროკურატურას, რომ "ოცნების" დასანქცირების მიზნით, დასავლეთში გაგზავნილი წერილები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, საჯაროდ გაკეთებული განცხადებებები კი მოღალატეობრივია.
"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულია, აცხადებს, რომ ნანა კაკაბაძეს და ვატო შაქარიშვილს მათ წინააღმდეგ განცხადებები დააწერინეს და ისე შეატანინეს პროკურატურაში.
მათთან არანაირი კითხვა არ მაქვს. მათ დაავალეს, რომ ასეთი განცხადება გაეკეთებინათ, შეეტანათ პროკურატურაში და მათ ეს გააკეთეს - დანარჩენი მათზე იყოს. მე ამ პროცესს დავარქმევდი ჟესტიკულაციის სასამართლო პროცესს, სადაც რამდენიმე პოლიციელი ამბობს, რომ რამდენიმე ჟესტიკულაცია აქვს ნანახი, ოღონდ ვერ იხსენებს რა ჟესტიკულაცია იყო, ვერ იხსენებს როდის იყო. აი ასეთ დონეზე შეიძლება დასცე პოლიციელი, სამარცხვინო, ცრუ ჩვენებები ათქმევინო, რომელიც თავისთად ვერ იქნება ვერანაირი სისხლის სამართლის დევნის საფუძველი", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
- ცნობისთვის, ნანა კაკაბაძე ჩვენებაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგაც აძლევდა ჩვენებას, ამბობდა, რომ სწორედ მან შეიწყალა ნიკა მელია, ნიკა რურუა, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დასავლეთის მოთხოვნით და ამ შეწყალებებს ის საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფად და დასავლეთის მხრიდან შიდა საქმეებში ჩარევად აფასებდა.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.