გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლთან ერთად ავტომობილში სავარაუდოდ, კიდევ ორი არასრულწლოვანი იჯდა - ახალი კადრები
ავტოსაგზაო შემთხვევა გორში, რომელიც ტრაგედიით დასრულდა - ტელეკომპანია "თრიალეთი" მომხდარის ახალ კადრებს აქვეყნებს. ირკვევა, რომ რეზი ელიზბარაშვილთან ერთად ავტომობილში კიდევ მინიმუმ ორი პირი იჯდა. არსებული ინფორმაციით, ისინი არასრულწლოვნები იყვნენ. კადრებში ჩანს, როგორ გადმოდის ავტომობილიდან სავარაუდო მძღოლი და კიდევ ორი ადამიანი.
მსხვერპლების ოჯახი უმკაცრეს განაჩენს ითხოვს. ამბობს, რომ ყველა გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელი ადეკვატური უნდა იყოს.
დაღუპული დედა-შვილი ოჯახის წევრი საზოგადოებას გვერდში დგომისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანაში მსგავსი ტრაგედიები ასე მასობრივად არ ხდებოდეს.
კანონი უნდა გამკაცრდეს აუცილებლად, საზოგადოების მხარდაჭერას ვითხოვ, რომ სხვა აღარ დაიღუპოს ასე და აღარ გამწარდეს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. 5300 ადამიანი ბრძოლაში არ კვდებოდა, ხალხო და როგორ შეიძლება, მშვიდობიანობის პერიოდში, გინდა ავტმატგადაკიდებულს გივლია, გინდ - არა. გასაშლელი, დასაკეცი დანა რომ გედოს, ორი წელია ციხე იმაზე და მთვრალი რომ ჯდება, ნარკომანი რომ ჯდება, როდემდე უნდა ხოცონ ხალხი, სხვისი გაზრდილი შვილები? გაამკაცრეთ კანონი, ხალხო და ნუ დადიხართ ასე აწყვეტლები!, - ამბობს დაღუპული დედა-შვილის ოჯახი წევრი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 13 ივლისს, ღამის საათებში, გორში ბრალდებულმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს, მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია და ქვეითად მოძრავ დედა-შვილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.
დაკავებული მძღოლი ბრალს აღირებს - გორის რაიონულმა სასამართლომ რევაზ ელიზბარაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრიობა შეეფარდა.
სასამართლო პროცესზე პროკურორმა თქვა, რომ დაკავებულს 225 ჯარიმა ჰქონდა გამოწერილი, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებისთვის.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რევაზ ელიზაბარაშვილს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.