"სასამართლომ განუსაზღვრელი დროით გადადო ე.წ. ძაღლების საქმე... მივმართავთ სასამართლოს დაუყოვნებლივ განახლდეს გამოკვლევა" - ალეკო ელისაშვილის ადვოკატები

16.07.26 13:00
"სასამართლომ განუსაზღვრელი დროით გადადო ე.წ. ძაღლების საქმე... მივმართავთ სასამართლოს დაუყოვნებლივ განახლდეს გამოკვლევა" - ალეკო ელისაშვილის ადვოკატები

ალეკო ელისაშვილის ადვოკატების განცხადებით, დაკავებული პოლიტიკოსის წინააღმდეგ მიმდინარე კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით, სასამართლომ განუსაზღვრელი დროით გადადო, ვინაიდან საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება. 

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ისინი სასამართლოს და პროკურატურას მიმართავენ, რათა დაუყოვნებლივ განახლდეს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოკვლევა. 

ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის თქმით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არის და იხილონ, "როგორ მიმდინარეობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ დევნა პოლიტიკური ნიშნით".

როგორც მოგეხსენებათ, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით, ე.წ. ძაღლების საქმე. ჩვენ კი უნდა დაგვეწყო მტკიცებულებების გამოკვლევა, მაგრამ ვინაიდან საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, სასამართლომ გადადო აღნიშნული საქმე განუსაზღვრელი დროით. ჩვენ მივმართავთ სასამართლოს და პროკურატურას, რომ დაუყოვნებლივ განახლდეს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოკვლევა და მტკიცებულებათა გამოკვლევა, ვინაიდან საზოგადოებამ დაინახოს, რომ საქმეში არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადგეს, რომ ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა საერთოდ რამე დანაშაული, ასე ვთქვათ ალეკო ელისაშვილი იმყოფებოდა თუ არა კონკრეტულ ადგილზე. ამიტომ, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იხილონ, როგორ მიმდინარეობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ დევნა პოლიტიკური ნიშნით. ამიტომ, ვთხოვთ სასამართლოს, დაუყოვნებლივ, დაჩქარებული წესით განიხილოს სისხლისსამართლებრივი საქმე და გამოიკვლიოს ის მტკიცებულებები,რა მტკიცებულებებიც რეალურად არ არსებობს ამ საქმეში," - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის უფლებადამცველის, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, აღნიშნული საქმის გადადება მიანიშნებს, რომ "მთავარი მიზანი იყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განეიტრალება და პირადი შურისძიება".

ორი ერთნაირი საქმე იყო, ერთი მცდელობის და ერთი დასრულებული ტერორიზმის და ეს ტერორიზმის საქმე ფაქტობრივად განუსაზღვრელი ვადით არის ამ ეტაპისთვის გადადებული, რაც მიანიშნებს იმას, რომ მთავარი მიზანი იყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განეიტრალება, პირადი შურისძიება, ამიტომ თავიდან ბოლომდე ამ საქმეს არცერთ ეტაპზე სამართლებრივი დასაბუთება და სამართლებრივი წინაპირობა არ აქვს და ჩვენი პოზიცია არის, რომ დროულად, ეფექტურად იყოს განხილული მისი ბრალდების საქმეები," - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა. 

  • ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.

ამასთან, "ძლიერი საქართველოს" წევრს, ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებამდე ელისაშვილი მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. 

აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს.

მსგავსი სიახლეები