"დაელოდეთ მოვლენებს" - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, იოსებ სიგუა ცოლის ბრალდებებს „აბსურდს“ უწოდებს - შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, რომელსაც ცოლი, სოფიო სიგუა-შატბერავა ძალადობაში ადანაშაულებს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა.
"აბსურდია... ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, დაელოდეთ მოვლენებს", - თქვა იოსებ სიგუამ.
დღევანდელი პროცესი, სადაც სასამართლო იოსებ სიგუასთვის შემაკავებელი ორდერის გაუქმების საკითხს იხილავდა, 23 ივლისამდე გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა სოსო სიგუამ თანამდებობა დატოვა.
მანამდე, 4 ივლისს სიგუას ცოლმა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოქმედი პოლიციელი [იმ დროისთვის იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი] ძალადობაში ადანაშაულებდა. ხმაურიანი ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.
მას შემდეგ კი, რაც პროკურატურამ სოსო სიგუას ცოლის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო და პოლიციელს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრა, სიგუამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ საამართლო დარბაზში განაცხადა.
საგამოძიებო სიუჟეტში სოფო სიგუა ჰყვებოდა, რომ ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა.
ქალი ამტკიცებს, რომ „იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“.
დოკუმენტი, რომელიც „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა, ადასტურებს, რომ იოსებ სიგუას 2026 წლის 21 თებერვალს, შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.
11 ივლისს გამართულ სასამართლო პროცესზე გადაწყდა, რომ პოლიციის მაღალჩინოსანს ელექტრონულ სამაჯურს დაუტოვებენ.