როგორ იქმნება რუსულენოვანი პროსახელისუფლებო ეკოსისტემა საქართველოში? - "მითების დეტექტორის" კვლევა

16.07.26 16:22
როგორ იქმნება რუსულენოვანი პროსახელისუფლებო ეკოსისტემა საქართველოში? - "მითების დეტექტორის" კვლევა

როგორ იქმნება რუსულენოვანი პროსახელისუფლებო ეკოსისტემა საქართველოში? - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სოციალურ ქსელებში თითქმის ერთდროულად გამოჩნდა სამი ახალი გვერდი - რუსულენოვანი Fabula და Apriori, ასევე ქართულენოვანი Apriori Ge.

„მითების დეტექტორის“ ახალი მონიტორინგის მიხედვით, ეს პლატფორმები არაგამჭვირვალედ ოპერირებენ, არ ასაჯაროებენ სარედაქციო გუნდს და, გასართობი კონტენტის მიღმა, მკვეთრად პოლიტიზებულ საინფორმაციო ქსელს ქმნიან.

მედია ლაბორატორია, რომელიც დეზინფორმაციას ებრძვის, აცხადებს, რომ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის ზრდის ფონზე, გვერდების სამიზნე აუდიტორია და შექმნის დრო აჩენს საფუძვლიან ვარაუდს, რომ პროცესი საქართველოში მყოფი რუსულენოვანი და ახლადმიგრირებული ჯგუფების სახელისუფლებო ნარატივებით მოცვას ემსახურება.

კვლევამ აჩვენა გამოცემების სარედაქციო პოლიტიკის პირდაპირი თანხვედრა ქართულ სახელისუფლებო ტელეარხებთან — „იმედთან“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტვ“-სთან.

"მითების დეტექტორის" თანახმად, გარდა ევროკავშირისა და დასავლეთის დისკრედიტაციისა, გვერდებზე ფიქსირდება რუსეთის უსაფრთხოების ხედვის ცალმხრივი და უკრიტიკო წარმოჩენის მცდელობა (მაგალითად, ნატოს გაფართოების კრემლისეული ინტერპრეტაცია).

მთავარი მიგნებები:

  • • სამივე გვერდი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ თითქმის ერთდროულად შეიქმნა, არაგამჭვირვალედ ოპერირებს და კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტში ამოქმედდა.
  • • რუსულენოვანი გვერდების შექმნა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის ზრდასთან არის კორელაციაში.
  • • Fabula და Apriori ქმნიან ერთიან რუსულენოვან საინფორმაციო ეკოსისტემას, რომელმაც მოკლე დროში მნიშვნელოვანი აუდიტორია მოიცვა და Facebook-ის გარდა, YouTube, Instagram და TikTok პლატფორმებიც განავითარა.
  • • იკვეთება Fabula-სა და Apriori-ს სინქრონულობა პროსახელისუფლებო ქართულენოვან მედიებთან, განსაკუთრებით ტელეკომპანიებთან „იმედი“, „რუსთავი 2“ და „პოსტივი“.
  • • სარედაქციო თანხვედრა იდენტურ გზავნილებში და ვიზუალში, ასევე რესპონდენტების და სამიზნეების შერჩევაში ვლინდება.
  • • რუსულენოვანი გვერდები ხშირად მხოლოდ სახელისუფლებო მედიის ინფორმაციას ეყრდნობიან და მის დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ცდილობენ. რიგ შემთხვევებში ისინი პირდაპირ პროსახელისუფლებო ტელევიზიების მიერ მომზადებულ ვიზუალებსა და პოლიტიკურად მიკერძოებულ ინტერპრეტაციებს იყენებენ.
  • • ევროკავშირის და დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ გზავნილებთან ერთად შეფარულად რუსეთის უსაფრთხოების ხედვის ცალმხრივი და უკრიტიკო წარმოჩენა ხდება.
  • • რესპონდენტების შერჩევა სისტემურად მიკერძოებულია. დომინირებენ მმართველი პარტიის, მისი სატელეტი „ხალხის ძალის“, სახელისუფლებო ექსპერტებისა და კრემლისტური ან ანტიუკრაინული განცხადებებით ცნობილი საერთაშორისო კომენტატორების პოზიციები; ოპოზიცია კი ძირითადად ნეგატიურ კონტექსტშია წარმოჩენილი.

ვრცლად კვლევა იხილეთ აქ: 

მსგავსი სიახლეები