8 პოლიტიკოსის საქმე - რა ჩვენება მისცა სასამართლოს გელა ნიკოლაიშვილმა

16.07.26 17:19
8 პოლიტიკოსის საქმე - რა ჩვენება მისცა სასამართლოს გელა ნიკოლაიშვილმა

8 პოლიტიკოსის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა დასრულდა.  პროკურატურის ბოლო მოწმე, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილია, რომელიც დღეს სასამართლოში გამოიკითხა. 

"ნეიტრალური საქართველოს" წარმომადგენლის თქმით, მან სასამართლოს განუცხადა, რომ თუ ბრალდებული პოლიტიკოსები საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, უცხოელებს, "კონკრეტული პირის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებაზე, წამებაზე, ან უფლების სხვა შელახვაზე" აწვდიდნენ ინფორმაციას, ის ამას დანაშაულად არ მიიჩნევს. 

"მაგრამ დანაშაული არის ის, რომ ვთქვათ მოითხოვო უცხოური ორგანიზაციებიდან უვიზო რეჟიმის გაუქმება," - განაცხადა ნიკოლაიშვილმა. 

იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, რას ვთვლიდი მე დანაშაულად და რა შეიძლებოდა არ ჩამეთვალა დანაშაულად, მე ვუპასუხე, რომ თუ რაღაც კონკრეტული პირის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებაზეა, წამებაზე, ან სხვა რაღაც შელახვაზე ლაპარაკი და ამაზე უცხოელებს აწვდიან ინფორმაციას, საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს, ამას ჩვენ თვითონაც ვაკეთებდით ყოველთვის და ეს არ არის დანაშაული, მაგრამ დანაშაული არის ის, რომ ვთქვათ მოითხოვო უცხოური ორგანიზაციებიდან უვიზო რეჟიმის გაუქმება, მოითხოვო ის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ის რომ პარალელური სტრუქტურები შექმნა, ანუ ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. 

არა, ეს არ იყო მოსაზრებები, ეს იყო გამომდინარე იმ საჯარო ინფორმაციებიდან, რომელიც ყოველდღიურად, ფაქტობრივად, იმ პერიოდში ვრცელდებოდა და დღესაც ვრცელდება, რაც მე მივიჩნიე იმად, რომ შეიძლებოდა აქ ყოფილიყო რაღაც დანაშაულის ნიშნები. ასეთი მოწოდებები შეიცავდა ძალიან რეალურ საფრთხეს - პარალელური სტრუქტურები იქნებოდა, თუ ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა, ეს შეიცავდა სამოქალაქო ომის რეალურ საფრთხეს. ჩემი პირადი მიზანი იყო, რომ მომხდარიყო ამ ყველაფრის პრევენცია, მაგრამ სასამართლოშიც განვაცხადე, თუ აღმოჩნდება, რომ გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტით ეს არ დადასტურდა, მე მხოლოდ კმაყოფილი ვიქნები, მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ ეს დადასტურებულია - დამნაშავეებმა, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ. 

ქვეყნის დასანქცირებასაც ითხოვდნენ, მაგრამ თუ კონკრეტულ პირზე იყო რაღაც კონკრეტული მტკიცებულებებით, მაშინ მე ეს არ მიმაჩნია დანაშაულად," - განაცხადა მედიასთან გელა ნიკოლაიშვილმა. 

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები