8 პოლიტიკოსის საქმე - პროკურორის განცხადებთ, ბრალდების მხარისთვის "ტიკ-ტოკერი ჟურნალისტის" ჩვენება "სარწმუნოა"

16.07.26 17:30
8 პოლიტიკოსის საქმე - პროკურორის განცხადებთ, ბრალდების მხარისთვის "ტიკ-ტოკერი ჟურნალისტის" ჩვენება "სარწმუნოა"

საქმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ - პროკურატურას "ტიკ-ტოკერი ჟურნალისტის", ნინო ონიანის ჩვენების სანდოობასთან კითხვები არ აქვს. 

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა განაცხადა, მისთვის ნინო ონიანის ჩვენება სარწმუნოა. 

როდესაც ამ კონკრეტულმა პირმა წარმოადგინა კონკრეტული ჩანაწერები, ჩვენ ამ ჩანაწერების შინაარს ვეყრდნობით - განაცხადა პროკურორმა. 

როდესაც კონკრეტულ ტელევიზიას გააჩნია ლიცენზია, რომელიც არის გაცემული და ასევე, ჰყავს კონკრეტული დირექტორი, რომელიც ბეჭდით და ცნობით დაადასტურებს იმას, რომ კონკრეტული პირი არის ჟურნალისტი - ეს ჩემთვის, როგორც პროკურორისთვის, არის სარწმუნო, რა თქმა უნდა. 

ერთია, კონკრეტულად, პირს რა შეხედულებები აქვს და შეხედულებები შეიძლება იყოს შესაბამისობაში სამართალწარმოებასთან, შესაბამისობაში კანონმორჩილი მოქალაქის შეხედულებებთან, ან არ იყოს და მეორეა, კონკრეტულად ნებისმიერი პირი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე, მაგალითად თქვენ სხვა შეხედულება გაქვთ, სხვა ჟურნალისტს სხვა შეხედულება აქვს, თქვენი აზრი ბუნებრივია ერთნაირი არ იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ როდესაც თქვენ იქნებით რომელიმე ფაქტის შემსწრე, მე ეს ფაქტი მოცემულობად არ მივიღო და არ მივიღო თქვენგან ინფორმაცია და საწყის ეტაპზევე გითხრათ, რომ თქვენი ინფორმაცია არ არის სარწმუნო-თქო. 

როდესაც ამ კონკრეტულმა პირმა წარმოადგინა კონკრეტული ჩანაწერები, ჩვენ ამ ჩანაწერების შინაარს ვეყრდნობით და იმას, რომ ეს კონკრეტულმა პირმა მიაწოდა, აქ შესაფასებელია უშუალოდ ჩანაწერის შინაარსი და არა ის, რას აცხადებს თავად აღნიშნული მოწმე," - განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.

ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა პროკურატურის მოწმე, "ტიკ-ტოკერი ჟურნალისტი". პროცესზე დღეს ნინო ონიანი ირწმუნებოდა, რომ სტატიებს წერს, თუმცა არ აქვეყნებს. მისივე მტკიცებით, აქვს ჩანაწერები, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიგურირებენ.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

მსგავსი სიახლეები