გაიზრდება თუ არა გორში მომხდარი საზარელი ავტოავარიის საქმეზე ბრალდებულთა წრე?
გორის ცენტრში ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ოჯახი დამნაშავეების სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს. ირმა ამბარდნიშვილის ინფორმაციით, 35 წლის კაცი, ვინც საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, ავტომობილში მარტო არ იმყოფებოდა - მასთან ერთად იყვნენ მისი არასრულწლოვანი შვილები და ორი დეიდაშვილიც - ეს ადამიანები ავარიის შემდეგ მასთან ერთად მიიმალნენ.
ის, რასაც გარდაცვლილების ნათესავი ყვება, ჩანს ტელეკომპანია თრიალეთის მიერ გავრცელებულ კადრებშიც - სათვალთვალო კამერების ჩანაწერში ჩანს ავტოავარიის შემდგომი ეპიზოდი, როდესაც მანქანის მარჯვენა და მარცხენა მხრიდან არასრულწლოვნები გადმოდიან - ორივე უახლოვდება მამაკაცს, რომელიც რამდენიმე წუთში, სავარაუდოდ, პოლიციელებს გაყავთ შემთხვევის ადგილიდან.
ირკვევა, რომ რევაზ ელიზბარაშვილს, რომელიც 3 წლის ბავშვს და მის დედას ავტომობილით შეეჯახა, 225 ვიდეო ჯარიმა აქვს, მათი ნაწილი სწორედ სიჩქარის გადაჭარბებას უკავშირდება.
როგორ უნდა აზღვევდეს სახელმწიფო ავტოსაგზაო შემთხვევებს? - საგზაო ექსპერტების დიდი ნაწილის რეკომენდაციაა, რომ სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულები აკლდებოდეთ მძღოლებს, შესაბამისად, უფრო მეტად იფრთხილებენ. იხსენებენ ოცნების მხრიდან 7 თვის წინ გამოცხადებულ ამნისტიას, რომელიც მძღოლებს შეეხო და მართვის მოწმობები დაუბრუდეს ისეთ მძღოლებსაც, რომლებსაც მართის მოწმობა ჩამორთმეული ჰქონდათ მათ შორის სიმთვრალეში მართვის გამოც. ეს გადაწყვეტილება ოცნებამ ერთპიროვნულად, სფეროს სპეციალისტებთან კონსულტაციების გარეშე მიიღო.