როგორ შემცირდა ტრამვაის პროექტის ღირებულება 129 მილიონით? - მკვლევარებს კითხვები აქვთ

16.07.26 20:54
როგორ შემცირდა ტრამვაის პროექტის ღირებულება 129 მილიონით? - მკვლევარებს კითხვები აქვთ

დიდი დიღომი - დიდუბის ტრამვაის ხაზზე შესყიდვა დასრულებულია. გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება რამდენიმე დღეში გაფორმდება.

კომპანიის მიმართ, რომელმაც ტენდერში გამარჯვების შემდეგ პროექტის საწყისი ღირებულება 129 მილიონი ლარით შეამცირა, არაერთი კითხვა გაჩნდა.

მკვლევარებს აინტერესებთ, როგორ მოახერხა გამარჯვებულმა კომპანიამ, რომ 416 მილიონად შეაფასებული პროექტის მშენებლობის ფასი, 287 მილიონამდე შეამცირა.

მათ აინტერესებთ, მერიამ ვერ დათვალა სწორად პროექტის ბიუჯეტი და ბაზარი ვერ მოიკვლია, თუ უკვე სამშენებლო სამუშაოების დროს უნდა ველოდოთ პრობლემებს. 

უცნაურია, რომ გაიმარჯვა კომპანიამ, რომელმაც მთელი 129 მილიონი ლარით შეამცირა ის საწყისი ფასი, რომელიც მერიის დაკვეთით იქნა შემუშავებული, ეს არის მთლიანი ბიუჯეტის 30 %, რაც გვაფიქრებინებს ორ რამეზე - ერთი, ან თბილისის მერიამ არაპროფესიონალურად დათვალა, შედგინა საწყისი ბიუჯეტი და გააკეთა გათვლები, რაც გასაკვირი არ იქნება და შემდგომში მუშაობის წარმოებისას პრობლემებს ნიშნავს, ან აღნიშნულმა კომპანიამ ზედმეტა დაბლა დაწია ფასი, რაც ასევე ნიშნავს, რომ შემდეგში მას გაუჭირდება, სამუშაოების შესრულება. თუკი ზოგადად შევხედავთ, “ქართული ოცნების“ პერიოდში, მსგავს მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც თითქმის ტოველთვის, ვადის დარღვევით, ანდა უხარისხოდ, ან მსხვილი კორუფციული სკანდალებით მიმდინარეობს, მაშინ შეგვიძლია, სამწუხაროდ, ვივარაუდოთ, რომ ეს მნიშვნელოვანესი პროექტი ქალაქისთვის აღმოჩნდება ასეთი მოდელით, როდესაც გაიფლანგება და დაიხარჯება მილიონობით ლარი, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

გამარჯვებულმა კომპანიამ დააკლო 129 მილიონი ლარი, ამ შემთხვევაში გაუგებარია, რომელია სიმართლე, გამარჯვებული ფასი თუ გამოცხადებული. თუ გამოცხადებული ფასი არის ნამდვილი, მაშინ გამოდის, რომ ეს პროექტი არისნ წინასწარ ჩასავარდნად გამზადებული, ან სამომავლოდ უცხოური კომპანია მოითხოვს, როგორც ხდება ხოლმე ეს, ფასის გაზრდას. ფაქტია, რომ ყველა დაანონსებული დიდი პროექტი რაღაც ეტაპზე ჩერდება, ბოლო წლებში, ეს ეხება გზებს, ხიდებს, მოძრავ ინფრასტრუქტურას, ავტობურებს და ა.შ." - ამბობს ბადრი ინაური.  

ტრამვაის ხაზის პროექტის რეალურად განხორციელების არ სჯერა ოპოზიციას. “ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი ამბობს, რომ  დასაწყისშივე ჩანს, რაღაც “არაკომპეტენტური და არაორგანიზებული რომ კეთდება“ და მას მხოლოდ პოლიტიკური და კომერციული მიზანი აქვს.

უკვე ჩანს, რომ რაღაც არაკომპეტენტურად, არაორგანიზებულად კეთდება, მნიშვნელოვანი კლებაა 129 მილიონი ლარი. თბილისის მერია ყოველთვის მოქმედებს “ქართული ოცნების“ პოლიტიკური და კომერციული მიზნებიდან გამომდინარე. ეს ტრამვაის პროექტიც, უპირველეს ყოვლისა არის პოლიტიკური მიზანი, ვიდრე თბილისელების და დიღმელების ინტერესებზე გათვლილი, - ნიკა ჩერქეზიშვილი.

კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე დარწმუნებულია, რომ სხვა პროექტების მსგავსად, აღნიშნული პროექტიც ვადებში ვერ დასრულდება.

კალაძის მენეჯმენტის მუშაობა ჩვენ ვიცით, როგორც მუშაობს, 8 წლის განმავლობაში, ვარკეთილის მეტროს ჭერის რეაბილიტაციას დასჭირდა, ვერც ერთი პროექტი ვერ დაასრულა კალაძემ ვადებში, ამას ემატება ის, რომ ბოლომდე არ საუბრობს ამ პროექტის შესახებ - დონაძე.

  • დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დამაკავშირებელ ტრამვაის ხაზს თურქეთში რეგისტრირებული ერთობლივი საწარმო EYE (Emre Ray + Yüksel + Erk) მოაწყობს. ამის შესახებ კახა კალაძემ 15 ივლისს განაცხადა.
  • მისი თქმით, ტენდერში მონაწილეობა ოთხმა მსხვილმა კომპანიამ მიიღო, რომელთაგანაც სამი თურქეთში, ერთი კი ჩინეთშია რეგისტრირებული.
  • კალაძე ამბობს, რომ პროექტი 3 ეტაპისგან შედგება, კონცეპტუალური პროექტის მომზადება, დეტალური პროექტის მომზადება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება - სამივე ეტაპისთვის განსაზღვრულა 36 თვე.
  • პროექტი ასევე მოიცავს შესაბამისი დეპოს მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება 11 ერთეული ტრამვაის შემადგენლობის მომსახურება-ექსპლუატაციაზე.