მედია: აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეს თავს დაესხნენ

18.07.26 15:29
მედია: აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეს თავს დაესხნენ

აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეს, ზაურ ახვლედიანს თავს დაესხნენ - ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. 

გამოცემა თანაგუნდელების ინფორმაციით იუწყება, რომ ზაურ ახვლედიანი ხელოვნების მუზეუმში ღონისძიებას ესწრებოდა, რა დროსაც უცნობმა კაცმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც "აჭარა თაიმსს" უყვებიან, დაპირისპირება რამდენიმე წუთში ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიასა და ბათუმის მერიის წინ გაგრძელდა. კონფლიქტში ჩართულ პირებს გარშემომყოფები აშველებდნენ.

თავდასხმის ფაქტი „აჭარა თაიმსს“ ზაურ ახვლედიანმა დაუდასტურა, თუმცა, მისი თქმით, მომხდარის მოტივზე საუბარი არ სურს.

ზაურ ახვლედიანის განცხადებით, თავდამსხმელი ტერიტორიიდან განარიდეს, ხოლო თავად პოლიციისთვის არ მიუმართავს.

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, პირი, რომელიც ზაურ ახვლედიანს თავს დაესხა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის ოჯახის წევრია.