"ქვეყანაში დასუჯელობის სინდრომის დანერგვა ხდება" - იურისტები ალექსანდრე გოგოჭურის საქმეზე

19.07.26 11:32
"ქვეყანაში დასუჯელობის სინდრომის დანერგვა ხდება" - იურისტები ალექსანდრე გოგოჭურის საქმეზე

შაბათის ეთერის ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ, რომლის თანახმადაც 25 წლის მამაკაცი ამტკიცებს, რომ პოლიციაში ცემისა და ზეწოლის შედეგად  დანაშაულის აღიარება აიძულეს, უფლებადამცველები სამართალდამცველებში დაუსჯელობის სინდრომზე საუბრობენ. მათი შეფასებით, ძალადობის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირებისა და სათანადო გამოძიების არარსებობა მსგავსი შემთხვევების განმეორების რისკს ზრდის. 

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩევლის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, პოლიციელებს აქვთ განცდა, რომ შესაძლო სამართალდარღვევებისთვის პასუხს არ მოსთხოვენ, რაც დაუსჯელობის სინდრომს ამკვიდრებს.

პოლიციელებს აქვთ, აშკარად, დაუსჯელობის შეგრძნება. მათ იციან, რომ მათ ამისთვის პასუხს არ მოსთხოვენ. ხდება, სამწუხაროდ, დაუსჯელობის სინდრომის დანერგვა ქვეყანაში, უამრავი დანაშაულია და მათი გამოვლენა, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება ეფექტურად. მხოლოდ და მხოლოდ ის შემთხვევები საჯაროვდება, სადაც რამე ვიდეომტკიცებულება არსებობს. არაერთი სადამკვირვებლო მექანიზმი და ორგანიზაცია საუბრობს იმაზე, რომ უამრავი შემთხვევაა ასეთი. არ გვაქვს, სამწუხაროდ, საქართველოში პროცედურული გარანტიები, რომელიც დაიცავდა ადამიანებს, რომლებიც პოლიციის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, რომ მათ ჰქონდეთ ეფექტური დაცვის საშუალება. და სამწუხაროდ, ხედავთ იმას, რომ პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება და გადადგმა არ ხდება იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ, - ამბობს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ბურჯანაძე. 

ადვოკატი გოგა ხატიაშვილი კი აცხადებს, რომ სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობის პრევენციისთვის გადამწყვეტია ყველა მსგავსი შემთხვევის სათანადო კვალიფიკაციით გამოძიება და პასუხისმგებელი პირების დასჯა. 

სამართალდამცველებს აქვთ ხოლმე იმის განცდა და რწმენა, რომ მათი მხრიდან ცადენილ გადაცდომებს არ მოჰყვება სათანადო და ადეკვატური რეაგირება. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფომ გააძლიეროს ძალისხმევა ამგვარი ძალადობის პრევენციისთვის, რომლის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ყველა იმ ადამიანის სათანადოდ დასჯა, რომელიც რაიმე ფორმით იღებდა მონაწილეობას მოქალაქეებთან მიმართებით აქტიური ფიზიკური ძალადობის გამოყენებაში და შემთხვევებში არ მიმდინარეობს ხოლმე ასეთი საქმეების გამოძიება სათანადო, ადეკვატური კვალიფიკაციით, რის გამოც უგულებელყოფილი არის ხოლმე ძალადობის რეალური, დამამცირებელი ბუნება, - ამბობს ადვოკატი გოგა ხატიაშვილი. 

გლდანის ციხიდან 25 წლის ალექსანდრე გოგოჭური 3 თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს- კაცი, რომელსაც მკვლელობის მცდელობას ედავებოდნენ, უდანაშაულო აღმოჩნდა. გოგოჭური "შაბათის ეთერს" უყვება, რომ პოლიციაში ცემის შედეგად აიძულეს, ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია.