თუშეთში სტიქიის გამო შენაქოს ხიდის მისასვლელი მონაკვეთი ჩამოიშალა
თუშეთში ძლიერი ნალექისა და თოვლის ინტენსიური დნობის შედეგად შექმნილი სტიქიური ვითარების გამო, სოფელ შენაქოს საავტომობილო ხიდის მისასვლელი მონაკვეთი ჩამოიშალა. თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია მოსახლეობასა და ვიზიტორებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დაზიანებული ხიდის მიმართულებით გადაადგილებისგან, რადგან ადგილზე გრუნტის ჩამოშლის პროცესი კვლავ გრძელდება.
თუშეთში უხვი ნალექისა და თოვლის ინტენსიური დნობის შედეგად, მდინარეების დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. აღნიშნული სტიქიური მოვლენების გამო, სოფელ #შენაქოს საავტომობილო #ხიდის მისასვლელ მონაკვეთზე წყლის ნაკადმა სრულად გამორეცხა საყრდენი, რამაც გზის საფუძვლის მთლიანი ჩამოშლა გამოიწვია. აღნიშნული ხიდი უზრუნველყოფს სოფლების - შენაქოსა და დიკლოს კავშირს სოფელ ომალოსთან, ასევე, ბარის მიმართულებასთან.
თუ იმყოფებით სოფელ შენაქოს ან დიკლოს ტერიტორიაზე, გთხოვთ, დარჩეთ სახლში, საოჯახო სასტუმროებში და თავი შეიკავოთ ხიდის მიმართულებით გადაადგილებისგან.
ნებისმიერი ლოგისტიკური, სამედიცინო თუ გადაუდებელი საჭიროების წარმოქმნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (112) ან ადმინისტრაციას (საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: +995 599 004 972 - ლადო კახოიძე).
უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, მკაცრად აკრძალულია დაზიანებულ საგზაო მონაკვეთთან ტრანსპორტით მიახლოება, ვინაიდან გრუნტის ჩამოშლის პროცესი კვლავ დინამიურია.
შექმნილი ვითარების შესახებ ოპერატიულად არის ინფორმირებული ყველა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება. მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა პრევენციული ღონისძიებებისა და შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად.
ომალო - შენაქო - დიკლოს საავტომობილო გზაზე მოძრაობის აღდგენისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება, - ნათქვამია ინფორმაციაში.